საზოგადოება

ბაიდენი პოლონეთშია

25 მარტი, 2022 • 1882
ბაიდენი პოლონეთშია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში, ქალაქ ჟეშუვში ჩაფრინდა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან, დაახლოებით, 90 კილომეტრში მდებარეობს.

ეს არის მთავარი პუნქტი, სადაც უკრაინიდან პოლონეთში გადასული მილიონობით ლტოლვილი პირველად ხვდება. გარდა ამისა, პოლონეთ-უკრაინის საზღვართან, სწორედ ამ რეგიონშია განთავსებული ამერიკული ჯარი, რომელიც ნატოს მისიის ფარგლებში აღმოსავლეთ საზღვრის გასაძლიერებლად არის დისლოცირებული.

ჯო ბაიდენმა მოინახულა როგორც ჰუმანიტარული გამანაწილებელი პუნქტები, ისე ამერიკელი სამხედროები.

ამერიკელი სამხედროებისთვის მიმართვისას მან თქვა, რომ ამერიკელები პოლონეთში არა მხოლოდ უკრაინელების დასაცავად და დასახმარებლად არიან, არამედ საკუთარი შვილების მომავლისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად.

„კითხვა არის ის, თუ რამ უნდა გაიმარჯვოს? იმარჯვებს დემოკრატია და ის ღირებულებები, რომელსაც ვიზიარებთ, თუ იმარჯვებენ ავტოკრატიები? ეს არის ის, რაც დევს სასწორზე. რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი… თქვენ ხართ დემოკრატიებსა და ოლიგარქებს შორის ბრძოლის შუაგულში“, — მიმართა პრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკელ ჯარისკაცებს.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ მას დიდი სურვილი აქვს, პირადად ნახოს, რა ხდება უკრაინაში, თუმცა ამის საშუალებას უსაფრთხოების სამსახური არ მისცემს. შესაბამისად, გამორიცხა უკრაინაში ვიზიტი.

„ვფიქრობ, ისინი [უსაფრთხოების სამსახური] არ მომცემენ უფლებას, გადავკვეთო უკრაინის საზღვარი და საკუთარი თვალით ვნახო, რა ხდება იქ“, — თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთის პრეზიდენტსაც შეხვდება, რა დროსაც არსებობს მოლოდინი, რომ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი