ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას უფროსი მრჩევლის, ფრანაკ ვიაჩორკას განცხადებით, ბელარუსში მოქალაქეები უკრაინისკენ მიმავალ რუსულ მატარებლებს აჩერებენ და საბრძოლო ტექნიკას აზიანებენ.
„ბელარუსი არის პარტიზანების მიწა. ჩვენი გმირები აჩერებენ რუსულ მატარებლებს, აზიანებენ აღჭურვილობას და ბელარუს ჯარისკაცებს (ომის შესახებ) ბროშურებს ურიგებენ, რათა ისინი უკრაინაში საბრძოლველად არ წავიდნენ. უკრაინა გაიმარჯვებს, ბელარუსიც გათავისუფლდება“, – წერს ვიაჩორკა ტვიტერით გავრცელებულ პოსტში.
რუსეთმა უკრაინაში ჯარები ბელარუსის გავლითაც შეიყვანა.
ბელარუსზე გადის უკრაინის ჩრდილოეთ (კიევის) ფრონტის მომარაგების ხაზებიც.
რაც შეეხება ტიხანოვსკაიას, ის იძულებული გახდა ბელარუსი დაეტოვებინა 2020 წელს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მასობრივი გაყალბების შემდეგ. აღნიშნულ არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რის შემდეგაც ოპოზიციის აქციებს რეპრესიებით უპასუხა, ათასობით ადამიანი დააპატიმრა, ან ქვეყნიდან გააძევა.