საზოგადოება

რა ელით რუსულ გემებს ელექტრონული სანავიგაციო სისტემიდან ჩახსნის შემდეგ

20 მარტი, 2022 •
რა ელით რუსულ გემებს ელექტრონული სანავიგაციო სისტემიდან ჩახსნის შემდეგ

„ეს ნიშნავს იმას, რომ მოუწევთ ასტრონავიგაციის გამოყენება, ანუ აწი უნდა დააკვირდნენ მთვარეს, ვარსკვლავებს, რომ უსაფრთხოდ მივიდნენ ნაპირამდე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ამირან წერეთელი. ის შორეული ნაოსნობის კაპიტანია და ვთხოვეთ შეეფასებინა „Lloyd`s Register Voyage“ სისტემიდან რუსული გემების ჩახსნა.

Charter97.org -ის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით რუსული გემები ვეღარ ისარგებლებენ ელექტრონული სანავიგაციო სქემებით.

კომპანია „Lloyd`s Register“ არის საერთაშორისო სერვისების მიმწოდებელი საზღვაო ინდუსტრიაში. ის ემსახურება 182 ქვეყანას. უკრაინაში ომის გამო კი, კომპანია რუსულ გემებს აღარ მოემსახურება.

როგორ გადაადგილდებიან რუსული გემები ელექტრონული სანავიგაციო სქემების გარეშე? – ვკითხეთ კაპიტანს, რომელიც ბათუმის საზღვაო აკადემიაში საზღვაო ნავიგაციას ასწავლის.

„ეს ელექტრონული სისტემები არის იმისთვის, რომ უსაფრთხოდ გადაადგილება მოახერხოს გემმა. ბუნებრივია, შესაძლებელია, ისარგებლოს კაპიტანმა ქაღალდზე დატანილი რუკით, ასევე რადიომიმღებით, მაგრამ ამ ინფორმაციას მუდმივად სჭირდება განახლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა გემი უახლოვდება ნაპირს, ან სრუტის გავლა უწევს. ქაღალდის რუკებით გახსოვთ ალბათ როდის დადიოდნენ…

ელექტრონული სქემები კი არის GPRS სისტემა, რომლის გარეშეც რთულია დაადგინო, მაგალითად, სადაა ჩაძირული გემი, სად არის მეჩხერი წყალი. ეს გამოიწვევს შეფერხებას განსაკუთრებით ტვირთის გადაზიდვებზე“, – მიიჩნევს ამირან წერეთელი.

შორეული ნაოსნობის კაპიტანი ამბობს, რომ არსებობს სხვა ვარიანტიც, მაგალითად, ფრანგულ მოდელზე გადასვლა, თუმცა კაპიტანს ეჭვი აქვს, რომ რუსეთს დიდი ალბათობით ფრანგული კომპანიაც უარს ეტყვის ელექტრონული სქემებით სარგებლობაზე.

„გარდა ამისა, ამას სჭირდება დრო. უცებ, ორ და სამ დღეში ვერ გადავა. ამ სისტემებით სარგებლობისთვის საჭიროა სპეციალური რეგისტრაციის გავლა, რაც ახლდება 4 წელიწადში ერთხელ,“ – ამბობს კაპიტანი.

რა ელის იმ გემებს, რომლებიც ოკეანეში, ან ღია ზღვაშია ახლა?

ამირან წერეთელი

„ფაქტია, რომ ხელი შეეშლება ადგილმდებარეობის დაფიქსირებაში, მაგრამ გაჩერებით ალბათ არ გაჩერდება, სხვა, მოძველებულ სისტემას გამოიყენებს, რაც სანდო არაა. იგივე ვარსკვლავებზე დაკვირვება და ასტროფიზიკა ამართლებს კარგ ამინდში და ეს ახლაც აქტიურად გამოიყენება, მაგრამ შედარებაც არ შეიძლება თანამედროვე ელექტრონულ სისტემასთან. ამ შემთხვევაში პირდაპირ განახლებულ რუკებს იღებს კაპიტანი ყოველდღიურ რეჟიმში,“ – აღნიშნა ამირან წერეთელმა.

კაპიტანი მიიჩნევს, რომ სანქციების დაწესება, მათ შორის, რუსული გემებისთვის, კარგი ნაბიჯია.

„მე ოდესაში მაქვს დამთავრებული საზღვაო ფლოტის ინსტიტუტი, ინჟინერ-გემთწამყვანი ვარ. არ ვიტყვი, რომ ვტირი, მაგრამ მართლა ძალიან ცუდად ვარ, როცა ომის კადრებს ვუყურებ… ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთის შეჩერება შევძლოთ,“ – გვითხრა კაპიტანმა ამირან წერეთელმა.

შეძლებენ თუ არა ბათუმის პორტში ისევ შემოსვლას რუსული გემები? – კითხვა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დავსვით, თუმცა აქ გვითხრეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

საზღვაო სასწავლებლის „ანრის“ დირექტორმა, ანზორ დიასამიძემ კი გვითხრა, რომ პრობლემა ამ შემთხვევაში საქართველოს უმაღლეს საზღვაო სასწავლებლებსაც შეექმნება, რადგან მათ რუსული რეგისტრაციის სერტიფიკატები აქვთ.

„ეს აისახება რუსულ რეგისტრზეც. ჩვენ, საზღვაო სასწავლებლებს, რუსული რეგისტრაციის სერტიფიკატი გვაქვს, რადგან მათი წარმომადგენლობა იყო საქართველოში და აღარ მოგვიძებნია სერტიფიკატი გერმანიაში, ან ბრიტანეთში. ეს რუსული რეგისტრის სერტიფიკატი იყო საერთაშორისო დონეზე აღიარებული. ახლა ეს სერტიფიკატი კარგავს ძალას,“ – აღნიშნა ანზორ დიასამიძემ „ბათუმელებთან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი