საზოგადოება

უკრაინის საელჩოს განმარტება იგორ დოლგოვის თბილისში ყოფნაზე

15 მარტი, 2022 • 2665
უკრაინის საელჩოს განმარტება იგორ დოლგოვის თბილისში ყოფნაზე

საქართველოში უკრაინის ელჩის ​მრჩეველი ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ელჩი ქვეყანაში მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდება, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ ეცნობება.

კასიანოვის თქმით, ელჩი უკრაინის პრეზიდენტმა 1 მარტს კონსულტაციებზე გაიწვია. საელჩოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ უკრაინა 3 კვირაა ომშია და თანამედროვე დროში კონსულტაციები სხვადასხა ფორმატში შეიძლება წარიმართოს:

„როგორც იცით, უკრაინის ელჩი გაწვეული იყო 1 მარტს კონსულტაციებზე. ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავისი მოვალეობის შესასრულებლად ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. თანამედროვე პირობებში კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში.

უკრაინა სამი კვირაა ომშია, უკრაინაში საომარი მდგომარეობაა. საქართველოში უკრაინის საელჩო აგრძელებს მუშობას ომის პირობებში. ომის პირობებში დიპლომატია ასევე შორდება კლასიკურს. ვერ გაგიმხელთ დიპლომატიური მუშაობის თავისებურებებს, მათ შორის- ომის დროს ელჩის მოღვაწეობას“ ,- ამბობს ელჩის მრჩეველი.

ანდრეი კასიანოვმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოხატული მხარდაჭერისთვის. სწორედ სალომე ზურაბიშვილმა სთხოვა უკრაინის პრეზიდენტს,  გაწვეული ელჩი ქვეყანაში დააბრუნოს:

„ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უკრაინისადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის, რაც მან პარლამენტის ტრიბუნიდან გამოაცხადა. ჩვენ ყურადღებით ვადევნეთ თვალს პარლამენტში გამოსვლის რეაქციას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში და მუდმივად ვაცნობებთ კიევს ამის შესახებ“, – ამბობს საელჩოს წარმომადგენელი.

გუშინ, 14 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა კადრები, როგორ შედის თბილისში მდებარე საკუთარ რეზიდენციაში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი. ელჩმა ტელეკომპანიასთან კომენტარი არ გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი