საზოგადოება

რუსეთის ძალების დიდი ჯგუფი კიევიდან 25 კმ-შია — დიდი ბრიტანეთი

12 მარტი, 2022 • 3151
რუსეთის ძალების დიდი ჯგუფი კიევიდან 25 კმ-შია — დიდი ბრიტანეთი

რუსეთის ძალების დიდი ჯგუფი კიევიდან 25 კილომეტრშია განლაგებული. აღნიშნულ ცნობას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ბრძოლა კიევის ჩრდილო-დასავლეთით გრძელდება, რუსული სახმელეთო ჯარების დიდი ჯგუფი ახლა ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრშია”, – წერს უწყება.

მისი განცხადებით, დაიშალა რუსეთის დიდი კოლონა, რომელიც ქალაქის ჩრდილოეთით იყო განლაგებული. თავდაცვის სამინისტრო ფიქრობს, რომ ეს, შესაძლოა, კიევის ალყაში მოქცევის მცდელობის ნაწილია.

“ეს ასევე შეიძლება იყოს რუსეთის მცდელობა, შეამციროს თავისი დაუცველობა უკრაინის [მხრიდან განხორციელებული] კონტრშეტევების მიმართ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რუსეთის ძალებს”, — დასძენს უწყება.

განცხადების მიხედვით, ჩერნიგოვი, ხარკოვი, მარიუპოლი და სუმი კვლავ ალყაშია და მძიმედ იბომბება.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი