მოლდოვის პარლამენტის სპიკერის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუ ევროკავშირს მალე მიმართავს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად.
ადგილობრივი მედიის განცხადებით, კიშინოვში გამართული ვიზიტის ფარგლებში, რომელში მონაწილეობასაც ევოკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი და ევროკომისარი სამეზობლო და განვითარების საკითხებში ოლივერ ვარჰელი იღებდნენ მონაწილეობას, მაია სანდუმ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ევროინტეგრაციის პროცესის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას აყენებს.
მისი თქმით, მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანება უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებას. გამომდინარე აქედან, პრეზიდენტი გეგმავს, უახლოს მომავალში გააკეთოს განაცხადი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით:
„პრეზიდენტი მალე გაასაჯაროებს საზოგადოებისთვის ამ გადაწყვეტილების შესახებ დამატებით დეტალებს. ჟოზეფ ბორელთან შეხვედრაზე ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა ევროინტეგრაციას ირჩევს. ამასთან, ბოლო დღეებში ჩვენი ქმედებებით დავადასტურეთ, რომ ვართ პროევროპულები. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სოლიდარულები და კარგად ორგანიზებულები. ღრმად გვწამს, რომ მოლდოვის რესპუბლიკა იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას“ ,- ამბობს იგორ გროშუ ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბრისას.
28 თებერვალს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში მყოფმა უკრაინამ შეიტანა. როდესაც ანალოგიური მოთხოვნები საქართველოშიც გაისმა, “ქართულ ოცნებაში” თქვეს, რომ საკითხთან დაკავშირებით „ემოციური აჟიოტაჟი“ იყო შექმნილი.
როგორც მაშინ ირაკლი კობახიძე აცხადებდა, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რომლებმაც უთხრეს, რომ ევროპული პერსპექტივის შეთავაზება „რელევანტურია უკრაინისთვის და არა — საქართველოსთვის და მოლდოვისთვის“.
თუმცა მცირე ხნის შემდეგ მმართველმა პარტიამ პოზიცია შეიცვალა. კობახიძის სიტყვებით, განაცხადის დაჩქარებული წესით მომზადების გადაწყვეტილება “საერთო პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით” მიიღეს. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირში გასაგზავნ განაცხადს ხელი დღეს, 3 მარტს მოაწერა.