საზოგადოება

კარგი, მაშინ მოიქეცით ევროპულად – ევროპარლამენტარი EU-ში წევრობის განცხადზე

3 მარტი, 2022 • 7773
კარგი, მაშინ მოიქეცით ევროპულად – ევროპარლამენტარი EU-ში წევრობის განცხადზე

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს წარადგენს, ევროპარლამენტარმა მიჰაილ გალერმა ქართველ პოლიტიკოსებს მიმართა, რომ „მაშინ ევროპულად მოიქცნენ“.

გალერმა აღნიშნული კომენტარი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ფეისბუქპოსტის ქვეშ დატოვა, სადაც ბოჭორიშვილმა „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს წარადგენს.

„კარგი, მაშინ მოიქეცით ევროპულად, რათა შეასრულოთ შესაბამისი ვალდებულებები – ეს გზავნილი მიმართულია ყველას მიმართ, ვისაც ამის გაკეთება ევალება“, – დაუკომენტარა ევროპარლამენტარმა ბოჭორიშვილს.

გუშინ, 2 მარტს, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს 2024 წლის ნაცვლად  3 მარტს შეიტანს.

რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში მყოფმა უკრაინამ 28 თებერვალს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეიტანა.

გუშინ, 1 მარტს ირაკლი კობახიძე  აცხადებდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის განაცხადთან დაკავშირებით შექმნილია „ემოციური აჟიოტაჟი“; მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რომლებმაც უთხრეს, რომ ევროპული პერსპექტივის შეთავაზება „რელევანტურია უკრაინისთვის და არა — საქართველოსთვის და მოლდოვისთვის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი