საზოგადოება

კიევისკენ მიმავალი რუსული კოლონა შეფერხდა – პენტაგონი

3 მარტი, 2022 • 3421
კიევისკენ მიმავალი რუსული კოლონა შეფერხდა – პენტაგონი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, რუსეთის 60- კილომეტრიანი სამხედრო კოლონა, რომელიც ბელარუსიდან კიევისკენ მიიწევს, შეფერხდა. პენტაგონის თანახმად ბოლო 24-36 საათში კოლონამ მხოლოდ უმნიშვნელოდ წაიწია წინ.

თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, კოლონა ამჟამადაც შეფერხებულია უკრაინელი მებრძოლების დამსახურებით.

“ჩვენი აზრით, რუსები ახლა გადაჯგუფებას აწარმოებენ და აფასებენ იმ პროგრესს, რომელიც დაგეგმილი იყო, მაგრამ ვერ მიაღწიეს”.

კირბის განცხადებით, რუსეთის ჯარებს უკრაინის სამხრეთში უფრო ნაკლები წინააღმდეგობა ხვდებათ (შეტევა ყირიმიდან დაიწყო), ვიდრე ჩრდილოეთში (შეტევა ბელარუსიდან), მაგრამ მას არ შეუძლია დაადასტუროს, რომ რუსეთმა მოახერხა ქალაქ ხერსონის აღება, რის შესახებაც მოსკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთს კიდევ ჰყავს დამატებითი ძალები საზღვრებთან, რომლებიც ჯერ არ გამოუყენებია.

ამერიკული კომპანია Maxar Technologies იუწყება, რომ მათ მიერ დაფიქსირებული სატელიტური ფოტოების მიხედვით, კიევისკენ სამხედრო კოლონა მიემართება.  კოლონის სიგრძე, რომელიც კიევიდან დაახლოებით 64 კილომეტრში იმყოფებოდა , 64 კმ-ია (40 მილი).

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი