საზოგადოება

შვედეთი: ოთხმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია

2 მარტი, 2022 • 17152
შვედეთი: ოთხმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია

შვედეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ოთხმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღია. ინფორმაციას ამის შესახებ შვედური მედია ავრცელებს.

SVT-ის განცხადებით, აღნიშნული დასტურდება ფოტომასალითა და სხვა დოკუმენტაციით.

საუბარია ორ SU-27 და ორ SU-24 ტიპის თვითმფრინავებზე. მათ შვედეთის აღმოსავლეთ ნაწილში, გოთლანდთან ზღვაზე გადაიფრინეს. შვედური მხარე აცხადებს, რომ ინციდენტს ძალიან სერიოზულად ეკიდებიან უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შვედეთის საჰაერო საზღვრები რუსულ ხომალდებს არაერთხელ დაურღვევიათ. მაგალითისთვის, მხოლოდ 2016-2018 წლებში წელიწადში 10-20 ჯერ ჰქონდა ამგვარ ფაქტს ადგილი:

„რუსეთის მიერ შვედეთის საჰაერო სივრცეში შემოჭრა მიუღებელია. ამას ექნება მკაფიო დიპლომატიური პასუხი შვედური მხარისგან. შვედეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს პატივი უნდა სცენ“, – თქვა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა პიტერ ჰულტქვისტმა.

უკვე მე-7 დღეა, რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

მასალების გადაბეჭდვის წესი