საზოგადოება

„ოცნების“ მანიპულაცია პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით

2 მარტი, 2022 • 3523
„ოცნების“  მანიპულაცია პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით

„ქართულმა ოცნებამ“ Facebook-ში თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეომანიპულაცია, თითქოს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე „ლაპარაკობენ ზუსტად იგივეს“ უკრაინაში თვითმფრინავის გაგზავნაზე.

„როდესაც პოლონეთის პრეზიდენტი ლაპარაკობს ზუსტად იგივეს, ის მისაღებია, როდესაც ჩვენ ვამბობთ — “მიუღებელი”… — წერს მმართველი პარტია.

სინამდვილეში, ვიდეოკომპილაციაში წარმოდგენილი თითქოს იდენტური განცხადებები ორ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ თემას ეხება: ანჟეი დუდა ლაპარაკობს პოლონეთის მიერ უკრაინისთვის  მოერიშე თვითმფინავების მიწოდებაზე, მამუკა მდინარაძე კი — მოხალისეებით სავსე ჩარტერული რეისისთვის საქართველოდან ფრენის უფლების მიცემაზე.

სამხედრო თვითმფრინავების საკითხი

უკრაინამ დასავლეთის ქვეყნებს სთხოვა საბრძოლო თვითმფრინავებით დახმარება. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ  EU აპირებს უკრაინისთვის „თუნდაც საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას“. უკრაინის პარლამენტის თანახმად, პოლონეთს, ბულგარეთსა და სლოვაკეთს უკრაინისთვის, საერთო ჯამში, 70 მოიერიშე და გამანადგურებელი თვითმფრინავი უნდა გადაეცა. მოგვიანებით სამივე ქვეყანამ უარყო ასეთი განზრახვის შესახებ. Politico-ს თანახმად, ბორელმა შეუთანხმებელი საჯარო განხადება გააკეთა.

„(ბორელის მიერ) ასეთი განცხადებების გაკეთება იმავე დღეს, როდესაც პუტინმა განაცხადა, რომ შეკავების ძალები „სამხედრო მზადყოფნის“ ფაზაზე გადავიდა, ზრდიდა სიტუაციის შემდგომი ესკალაციის რისკს“, – განუცხადა ევროკავშირის დიპლომატმა გამოცემას და დასძინა, რომ მაშინაც კი, თუ ქვეყნები მანამდე განიხილავდნენ უკრაინისთვის თვითმფრინავების გაგზავნას, ეს გეგმები შესაძლოა გაუქმებულიყო მას შემდეგ, რაც ბორელმა ისინი საჯარო გახადა.

პრესკონფერენციაზე, რომლის ამონარიდსაც ავრცელებს „ქართული ოცნება“, ნატო-ს გენერალურ მდივანს და პოლონეთის პრეზიდენტს ჰკითხეს, იგეგმებოდა თუ არა, ან უკვე ხომ არ მიეწოდა უკრაინას მოთხოვნილი საბრძოლო თვითმფრინავები, ასევე, გახდის თუ არა ნატო შესაძლებელს უკრაინისთვის ნატო-ს აეროდრომების გამოყენებას.

„ჩვენ არ ვაგზავნით არანაირ თვითმფრინავებს უკრაინაში, იმიტომ, რომ ეს იქნებოდა სამხედრო ჩარევა უკრაინის კონფლიქტში. ჩვენ არ ვერთვებით სამხედრო კონფლიქტში. ნატო არ წარმოადგენდა კონფლიქტის მხარეს. თუმცა ჩვენ ვეხმარებით უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებით, თუმცა არ ვაპირებთ თვითმფრინავების გაგზავნის უკრაინის საჰაერო სივრცეში“, — უპასუხა დუდამ.

მოხალისეების საკითხი

საქართველოს მოქალაქეები, — როგორც სამოქალაქო პირები, ექიმები, ისე ყოფილი სამხედროები, – უკრაინაში წასვლას აპირებდნენ ჩარტერული რეისით რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის მიზნით, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 28 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა, მოხალისეებისთვის თბილისიდან კიევში ფრენის უფლება მიეცა. მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელ დავით ქაცარავას თქმით, საქართველოს მთავრობამ არ შეცვალა პოზიცია და უკრაინის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ჩარტერულ რეისს საქართველოში დაფრენის შესაძლებლობას არ მისცა.  მას შემდეგ, რაც რეისი არ შედგა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ კონსულტაციის მიზნით (დიპლომატიური დემარშის ერთ-ერთი ფორმაა) იწვევს ელჩს საქართველოდან და ამის მიზეზად, სანქციებზე „ამორალურ პოზიციასთან“ ერთად, უკრაინაში „მოხალისეების არგამოშვება“ დაასახელა.

„როდესაც სახელმწიფო ამბობს, რომ ჩემი ნებართვით, მაგალითად, ეს კონკრეტული თვითმფრინავი გაიგზავნება მოხალისეებთან, ე.ი. მებრძოლებთან ერთად ომში, მაშინ ის აკეთებს კონკრეტულ განაცხადს — ამას ჰქვია კონკრეტული განაცხადი და ერთვები ომში“, — ამბობს მამუკა მდინარაძე.

რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ტერიტორიული თავდაცვის ინტერნაციონალური ლეგიონის ჩამოყალიბების შესახებ გამოაცხადა და უცხოელ მოხალისეებს მოუწოდა, უკრაინაში საბრძოლველად წასვლის სურვილის შემთხვევაში თავიანთ ქვეყანაში უკრაინის საელჩოსთვის მიემართათ.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ის “აბსოლუტურად” დაუჭერს მხარს ბრიტანელ მოქალაქეებს, რომლებმაც გადაწყვიტეს შეუერთდნენ ბრძოლას ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა საბრძოლველად მიმავალი მოხალისეების მხარდაჭერაზე თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი ამას „აქტიურად არ აკეთებს“.

მიუხედავად იმისა, სახელმწიფო ღიად უჭერს მხარს საკუთარი მოქალაქეების მოხალისეებად ომში ჩართვას, ნეიტრალური პოზიცია აქვს თუ ხელს უშლის ასეთ ინიციატივას, მოხალისეთა ჩარტერული რეისის და საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება ორი სხვადასხვა ამბავი და შინაარსობრივად განსხვავებული საკითხია. შესაბამისად, მანიპულაციურია „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული ვიდეო და  აღწერა, რომლის თანახმადაც, „ოცნება“ და პოლონეთის პრეზიდენტი „ლაპარაკობენ ზუსტად იგივეს“.

წყარო: „ქართული ოცნების“ Facebook გვერდი

მასალების გადაბეჭდვის წესი