საზოგადოება

„არ ვიცი, რატომ თქვა, მე ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი“ – ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე

1 მარტი, 2022 • 7809
„არ ვიცი, რატომ თქვა, მე ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი“ – ზურაბიშვილი  ღარიბაშვილზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი France24-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებს აფასებს.

ჟურნალისტებმა ზურაბიშვილს ჰკითხეს განცხადებებზე, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის კონტექსტში  გააკეთა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, არ იცის, რატომ ისაუბრა პრემიერმა საქართველოს მიერ სანქციებზე არმიერთებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ თავად ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა:

„პირველ რიგში, არ ვიცი, ეს რატომ განაცხადა. ეს არ არის კითხვა, ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ოკუპირებული ტერიტორიებით. მე არ ვიცი, რა ტიპის სანქციების დაწესება შეგვიძლია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის განცხადების გაკეთებას დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა. გულწრფელად, მე ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი. რაც ახლა მნიშვნელოვანია და რასაც საქართველოსგან ელოდებიან, ეს სოლიდარობაა და აქაც ამის დემონსტრირებისთვის ჩამოვედი. ქართველი ხალხიც ამის დემონსტრირებას ახდენს“.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ საქართველომ ხომ არ შეიცვალა საგარეო კურსი, რაზეც პრეზიდენტი პასუხობს, რომ ეს რუსეთმა 14 წლის წინ, 2008 წელსაც ვერ შეძლო, როცა საქართველოს თავს დაესხა და არც ახლა გამოუვა:

„14 წლის წინ რუსეთი საქართველოშიც შემოიჭრა და ამას არ შეუცვლია ქართველი ხალხის სიმტკიცე ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ეს არა მხოლოდ ჩვენს კონსტუტუციაშია ამოტვიფრული, არამედ ადამიანების გულებშიც. ქართველები ხანდახან ევროპელებზე მეტად ვეროპელები არიანო და მაგას ვერ შეცვლის ვერავინო. მაშინ ამან არ გაამართლა და დღესაც უკრაინაში შეჭრის მიზანი ესაა“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უარი უთხრა უკრაინას თვითმფრინავის მიღებაზე, რომელსაც ქართველი მოხალისეები უკრაინაში უნდა გადაეყვანა, ომის ეპიცენტრში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია.

„მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“, – ასე განმარტა თავისი გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის ამ რადიკალურ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს ხელისუფლების არაერთი ანტიუკრაინული განცხადება და ქმედება მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მასშტაბური ომი წამოიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი