საზოგადოება

ალექსიევიჩი, ფამუქი და სხვა მწერლები გმობენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ

28 თებერვალი, 2022 • 1454
ალექსიევიჩი, ფამუქი და სხვა მწერლები გმობენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ

მწერალთა საერთაშორისო ასოციაცია “PEN International” აქვეყნებს უკრაინის მხარდამჭერ წერილს, რომელსაც 1 000-ზე მეტი მწერალი აწერს ხელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ხელმომწერნი სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს, მათ შორის, მწერლებს, ჟურნალისტებსა და ხელოვანებს, გმობენ რუსეთის აგრესიას და ცეცხლის დაუყოვნებლიც შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ.

წერილში ვკითხულობთ:

“ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებს უკრაინიდან,

ჩვენ, მწერლები მსოფლიოს გარშემო, შეძრწუნებულნი ვართ რუსული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ძალადობით და ვახმიანებთ მოწოდებას სისხლისღვრის სასწრაფოდ შეწყვეტისაკენ.

ჩვენ ერთხმად ვგმობთ უაზრო ომს, რომელიც განაპირობა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინელთა უფლებების მიუღებლობამ, მოსკოვის ჩარევის გარეშე იმსჯელონ თავიანთ სამომავლო ორიენტაციასა და  ისტორიაზე.

ჩვენ ერთხმად ვუცხადებთ მხარდაჭერას პოეტებს, ჟურნალისტებს, ხელოვანებს, უკრაინელ ხალხს ამ უმძიმეს საათებში. თქვენთან ერთად ვდგავართ და ვგრძნობთ თქვენს ტკივილს.

ყველა ინდივიდს აქვს მშვიდობის, თავისუფალი გამოხატვისა და თავისუფალი შეკრების უფლება. პუტინის ომი არის შეტევა დემოკრატიასა და თავისუფლებაზე არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

ერთხმად ვითხოვთ მშვიდობას და დასრულებას პროპაგანდისა, რომელიც ძალადობას აღვივებს. თავისუფალი და უსაფრთხო უკრაინის გარეშე ევროპა ვერ იქნება თავისუფალი და უსაფრთხო.

მშვიდობა უნდა დამყარდეს”.

წერილს ხელს აწერენ სვეტლანა ალექსიევიჩი, ორჰან ფამუქი, მარგარეტ ეტვუდი, ელიფ შაფაქი, სალმან რუშდი, ლუდმილა ულიცკაია, ოლგა ტოკარჩუკი, მარია რესა და სხვები. ხელმომწერთა სრული სია იხილეთ ბმულზე.

მე-5 დღეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. უკრაინისადმი სოლიდარობის აქციები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი