ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას ადანაშაულებენ უკრაინის პასიურ მხარდაჭერაში და ამბობენ, რომ ეს საქართველოსთვისაც წამგებიანი პოზიციაა. ისინი აკრიტიკებენ “ქართული ოცნების” მიერ უკრაინის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩაშლასა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება და აპელირებს, რომ მშვიდობის შენარჩუნებას ცდილობს:
“ვფიქრობ, რომ მათ აქვთ ძალიან იაფფასიანი პროპაგანდისტული გათვლა, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში მუშაობს. ეს არის, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას და ოპოზიციას ომი უნდა. ამბობენ, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო და არ ესმით, თუ რამდენად მძიმე განაცხადია ეს ქვეყნისთვის. საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ისინი მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წავიდნენ.
მე ლექციის წაკითხვას უმრავლესობისთვის და ღარიბაშვილისთვის არ ვაპირებ, თუ რამდენად დამაზიანებელია ეს ყველაფერი. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მთელმა მსოფლიომ დაინახა, რა მოხდა 2008 წელს და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველო უკრაინის გვერდით არ არის. ეს უნდა გამოხატულიყო ძალიან მკაფიო მხარდაჭერის განცხადებაში, აქ ომი, რა თქმა უნდა, არავის არ უნდა და ვერც ვერავინ იტყვის, რომ ვინმეს ომი უნდა ან ვინმეს სამშობლო არ უყვარს, მაგრამ აქ მთავარია, შენ რა პრიორიტეტში აყენებ სახელმწიფოს და ეროვნული უსაფრთხოების საქმეს და ინტერესს”, — განაცხადა დეკანოიძემ “მთავარ არხთან”.
პარტია “ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით და მას სამარცხვინო უწოდა. სამადაშვილის თქმით, საკუთარი განცხადებებით “ქართული ოცნება” საქართველოს მოქალაქეებს ეუბნება, რომ თავისუფლებაზე უარის თქმა მოუწევთ, რადგან მთავრობა თავისუფლების დაცვას არ აპირებს:
“სამარცხვინო განცხადებები, როდესაც პირდაპირ თქვეს, რომ ფაქტობრივად პუტინის რეჟიმის ფინანსური ინსტიტუტები, რაც საკუთარი პოლიტიკური გავლენისა და თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ომის წარმოებისთვისაა განკუთვნილი, საქართველოში მათთვის პრობლემების შექმნას არავინ აპირებს. არავინ აპირებს, რომ შეაფერხოს რუსეთის საინფორმაციო თავდასხმაში იარაღად ქცეული საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც უკანასკნელ წლებში უბრალოდ საოცრად გაძლიერდა ჩვენს ქვეყანაში.
რეალურად, “ქართული ოცნება” საქართველოს მოქალაქეებს დღეს ეუბნება, რომ თუ თავისუფალ სამყაროში გინდა ცხოვრება, ჩვენ თქვენი თავისუფლების დაცვას არ ვაპირებთ და მაშინ უნდა წახვიდეთ ამ ქვეყნიდან. თუ ამ ქვეყანაში დარჩებით, თქვენს თავისუფლებაზეც მოგიწევთ უარის თქმა იმიტომ, რომ ჩვენ მის დაცვას არ ვაპირებთ. ეს არის ამ ხელისუფლების პოზიცია”, – თქვა სამადაშვილმა.
ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა ექსპრემიერი გიორგი გახარიაც. მან უკრაინელ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება ქართველი ხალხის განწყობას არ შეესაბამება.
„მივმართავ უკრაინელ ხალხს – საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ქართველ ხალხშია. ქართველი ხალხი დგას უკრაინელების გვერდით. ის ადამიანები კი, რომლებიც ამ ერთობას უთხრიან ძირს, აგრესორის წისქვილზე ასხამენ წყალს და აუცილებლად აგებენ პასუხს“, – წერს გიორგი გახარია ფეისბუკზე.
“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი, საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს ეუბნება, რომ უკრაინის მსგავსად ომის დაწყება არ უნდა.
“ოღონდ გაიხანგრძლივონ თავისი მმართველობა, კაპიტალიზაციას ახდენენ შიშზე. ყველა ნორმალურ ადამიანს აქვს შიში, ომი ვის შეიძლება უნდოდეს, ხომ?! და როცა შენივე მთავრობა, რომელიც იმისთვის გყავს, რომ გიცავდეს, გეუბნება, რომ “გინდა, შენები რომ მოკვდნენ? ჩემს ოპონენტებს უნდათ, რომ აირიოს ქვეყანა და თქვენი სისხლი დაიღვაროს”, ნორმალური ადამიანი ამაზე შეშფოთდება. ამიტომ ჩვენი ვალია, რომ ამ საზიანო პროპაგანდას ყველგან დავუპირისპიროთ საუბარი და ახსნა ჩვენი პატრიოტი, ნორმალური მოქალაქეებისთვის, რომ გატყუებენ.
აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ ვერ ჩაწვები პუტინთან. აქ ორ და სამ დღეზე არაა ლაპარაკი, მაგრამ პუტინი პირდაპირ იძახის, რომ უნდა გაგვანადგუროს, როგორც ქვეყანა, ეს უბრალოდ მისი ნაწილია და შენ უბრალოდ ჩაწვე და იმედი გქონდეს, რომ ვერ შეგამჩნევს, არის სისულელე. თითქოს ჭირვეული ბავშვი იყოს და თვალში თუ არ შეეჩხირები, ისე არ გერჩის. ბიბილოვის განცხადება ხომ ყველამ ნახა? ამ იდეის მოთელვაა, რომელსაც როცა უნდა, მაშინ გაააქტიურებს… ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რამხელა საფრთხეა, თუ ჩვენ არ ვზრუნავთ და არ გვყავს მთავრობა, რომელიც ემზადება, რომ თუ საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერა გქონდეს, ამაზე უნდა ზრუნავდე, რომ წინააღმდეგობის გაწევაც შეგეძლოს, ოღონდ იმ ილუზიით კი არა, რომ ომი კარგია და გვინდა, პირიქით, რომ აიცილო თავიდან, ან რუსეთი რომ დასუსტდება, გააღწიო ამ საფრთხის ზონიდან. თორემ თუ ვერ გააღწიე, სულ ასე ვიქნებით”, – თქვა ბოკერიამ პალტრის ეთერში.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 25 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინაში „ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“ და ამას არ გეგმავს. მისი თქმით, საქართველო არც სანქციებს შეუერთდება.