საზოგადოება

რუსული ბანკები და ,,ელიტები”, რომელთაც ბაიდენის სანქციები შეეხებათ – დეტალურად

25 თებერვალი, 2022 • 3403
რუსული ბანკები და ,,ელიტები”, რომელთაც ბაიდენის სანქციები შეეხებათ  – დეტალურად

აშშ-ის და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების მორიგი ტალღა რუსულ მსხვილ ბანკებს და პუტინთან დაახლოებულ პირებს და მათ შვილებს შეეხება.

სანქციები ბანკებს და კომპანიებს

თეთრი სახლის ცნობით, სანქციები შეეხებათ რუსეთის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტებს.

  1. სბერბანკი“ და შვილობილი კომპანიები – სანქციები ბანკის ანგარიშებზე, რაც შეუზღუდავს „სბერბანკს“ დოლარში გაკეთებულ ტრანზაქციებზე წვდომას;
  2. ვი-თი-ბი“ და შვილობილი კომპანიები – გაიყინება აშშ-ის ფინანსურ სისტემაში არსებული ყველა აქტივი, აშშ-ის მოქალაქეებს მათთან საქმის დაჭერა აეკრძალებათ;
  3. ოტკრიტიე“ – გაიყინება აშშ-ის ფინანსურ სისტემაში არსებული ყველა აქტივი, აშშ-ის მოქალაქეებს მათთან საქმის დაჭერა აეკრძალებათ;
  4. სოვკომბანკი“ – გაიყინება აშშ-ის ფინანსურ სისტემაში არსებული ყველა აქტივი, აშშ-ის მოქალაქეებს მათთან საქმის დაჭერა აეკრძალებათ;
  5. ნოვიკომბანკი“ – გაიყინება აშშ-ის ფინანსურ სისტემაში არსებული ყველა აქტივი, აშშ-ის მოქალაქეებს მათთან საქმის დაჭერა აეკრძალებათ;

შეზღუდვები დაუწესდება რუსეთის ცამეტ უმსხვილეს კომპანიას და ბანკს. ეს ითვალისწინებს შეზღუდვას ყველა ოპერაციაზე, ფინანსირებაზე, ვალებზე, რომლების დაბრუნების ვადაც 14 დღეს აღემატება, და აქციებზე. სანქციების შედეგად, ისინი ვეღარ მოახერხებენ ფინანსური რესურსის მობილიზებას აშშ-ის ბაზარზე. ეს სანქციები შეეხება შემდეგ იურიდიულ პირებს:

  1. „სბერბანკი“;
  2. „ალფაბანკი“;
  3. „მოსკოვის საკრედიტო ბანკი“;
  4. „გაზპრომბანკი“;
  5. „რუსეთის სოფლის მეურნეობის ბანკი“;
  6. „გაზპრომი“;
  7. „გაზპრომ ნეფტ“;
  8. „ტრანსნეფტ“;
  9. „როსტელეკომ“;
  10. „რუსჰიდრო“;
  11. „ალროსა“;
  12. „სოვკომფლოტ“;
  13. „რუსეთის რკინიგზა“.

სანქციები „რუსულ ელიტებს“;

აშშ-ში არსებული ყველა აქტივი გაეყინებათ „რუსული ელიტის“ შემდეგ წარმომადგენლებს:

  • სერგეი ივანოვს (მამამისი, ასევე სერგეი ივანოვი იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას; 2008 წელს, დიმიტრი მედვედევთან ერთად, მიიჩნეოდა პუტინის „მემკვიდრედ“);
  • ანდრეი პატრუშევს (მამამისი, ნიკოლაი პატრუშევი პუტინთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პირად ითვლება; იყო მისი მემკვიდრე უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის პოსტზე, ამჟამად იკავებს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას);
  • ივან სეჩინს (მამამისი, იგორ სეჩინი, ნავთობკომპანიის, „როსნეფტის“ დირექტორი და პუტინთან დაახლოებული პირია);
  • ალექსანდრე ვედიაშკინი – „სბერბანკის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
  • ანდრეი პუჩკოვი და იური სოლოვიოვი – „ვი-თი-ბი“ ბანკის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლები. სანქციები ასევე შეეხება სოლოვიოვის ცოლს, გალინა ულიუტინას;

სანქციები სამხედრო სექტორს

აშშ აკრძალავს კონკრეტული ამერიკული პროგრამული უზრუნველყოფის შემცველი თითქმის ყველანაირი აღჭურვილობის, წარმოებულს აშშ-ში თუ საზღვარგარეთ, ექსპორტს რუსეთის სამხედრო ძალებისთვის.

ამასთან ერთად, იკრძალება ნახევარგამტარების, ტელეკომუნიკაციური აპარატების, დაშიფვრის აღჭურვილობის, ლაზერების, სანავიგაციო აპარატურის და საზღვაო ტექნოლოგიების ექსპორტი რუსეთში.


24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ჯო ბაიდენმა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა.

24 თებერვლის დილით რუსეთმა  უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

ნეტგაზეთი განახლებად რეჟიმში გთავაზობთ ცნობებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. სიახლეები გამოჩნდება გვერდის თქვენ მიერ განახლების (დარეფრეშების) შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი