საზოგადოება

“ქართველები დგანან უკრაინელების გვერდით” — აქცია თბილისში

19 თებერვალი, 2022 • 1979
“ქართველები დგანან უკრაინელების გვერდით” — აქცია თბილისში

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, მოქალაქეები უკრაინის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. აქციას შეუერთდნენ როგორც სამოქალაქო აქტივისტები, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები.

“დიდება უკრაინას”; “უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე”; “ქართველები დგანან უკრაინელების გვერდით”; “საქართველო და უკრაინა, ერთად, ნატოსთვის” — ეწერა პლაკატებზე, რომლებიც აქციის მონაწილეებმა შეკრების ადგილას მიიტანეს.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. ფოტო: “დროა”

ერთ-ერთ დემონსტრანტს ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით “საქართველოს მთავრობის სიჩუმე არ გამოხატავს ქართველთა დამოკიდებულებას”. კრიტიკოსები არაერთგზის აღნიშნავენ, რომ მოცემულ სიტუაციაში ოფიციალური თბილისი საკმარის მხარდაჭერას არ აფიქსირებს კიევისადმი, რასაც საქართველოს ხელისუფლებაში არ ეთანხმებიან.

უკრაინისადმი სოლიდარობის აქციები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გასულ კვირებშიც არაერთგზის გაიმართა. ეს ხდება დასავლეთის ქვეყნების მზარდი შიშების ფონზე უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. ფოტო: “დროა”

18 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა უკვე მიიღო უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება. თავად მოსკოვი თავდასხმის განზრახვას უარყოფს.

გაიგეთ მეტი:

პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო – ბაიდენი

მასალების გადაბეჭდვის წესი