საზოგადოება

აშშ, ნატო და უკრაინა საზღვრიდან რუსეთის ჯარების უკუსვლას არ ადასტურებენ

16 თებერვალი, 2022 • 2200
აშშ, ნატო და უკრაინა საზღვრიდან რუსეთის ჯარების უკუსვლას არ ადასტურებენ

აშშ და ნატო აცხადებენ, რომ რუსეთს არათუ გაჰყავს, აგრძელებს ჯარების თავმოყრას უკრაინის საზღვართან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 თებერვალს განაცხადა, სამხრეთის და დასავლეთის სამხედრო ოლქების ჯარები წვრთნების შემდეგ მუდმივი დისლოკაციის ადგილას ბრუნდებიან. ასევე, გამოაქვეყნა ვიდეო. უწყების მტკიცებით, ჩანს, რომ ტანკები, ქვეითი საბრძოლო მანქანები და თვითმავალი საარტილერიო ნაწილები ტოვებენ ყირიმის ნახევარკუნძულს. სამხრეთის სამხედრო ოლქის წვრთნების ნაწილი ანექსირებულ ყირიმში მიმდინარეობდა. თუმცა რუსეთის ფაქტობრივად ყველა სამხედრო ოლქსა და ფლოტში მიმდინარეობს სამხედრო სწავლებები. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 14 თებერვალს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რომ ამ სწავლებების ნაწილი უახლოეს პერიოდში დასრულდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა თქვა, რომ ძირითადი რუსული ქვედანაყოფები საზღვრისკენ მოძრაობდნენ და არა — მისგან მოშორებით.

„ჩვენ არ გვინახავს რუსეთის ძალების უკან დახევა. ჩვენ ვაგრძელებთ დაკვირვებას. დანაყოფები მოძრაობენ საზღვრისკენ და არა საზღვრიდან მოშორებით“, — თქვა ბლინკენმა MSNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა ნედ პრაისმა 16 თებერვლის პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„სინამდვილეში, ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს — ბოლო კვირებში და ბოლო დღეებშიც კი, უფრო მეტი, და არა ნაკლები, რუსეთის ძალები არიან საზღვართან და ისინი საბრძოლო პოზიციებზე გადადიან“, — თქვა პრაისმა და დასძინა, რომ შეჭრა შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს და მსოფლიო ამისთვის მზად უნდა იყოს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჯარების და ტანკების წინ და უკან გადაადგილება არ წარმოადგენს გაყვანის მტკიცებულებას.

„ჩვენ არ გვინახავს რუსული ძალების გაყვანა. რასაცც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ მათ გაზარდეს ჯარების რაოდენობა და მეტი ჯარი არის გზად. ასე რომ, ჯერჯერობით დეესკალაცია არ არის“, — თქვა სტოლტენბერგმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე. მისივე თქმით, ნატო-ს შეუძლია სატელიტური ფოტოებით დაადასტუროს, რომ არ ფიქსირდება რუსეთის ჯარების უკან გასვლა.

მოგვიანებით ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც რუსეთს დეესკალაციისა და დიპლომატიის გზის არჩევისკენ მოუწოდეს.

„ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი და შემაკავებელი პოზიციები, რათა ვუპასუხოთ ყველა გაუთვალისწინებელ შემთხვევას“, — ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ასევე, განაცხადა, რომ ვერ ხედავს ჯარების უკან გაყვანის პროცესს.

„ჯერ მხოლოდ განცხადებებია“, — უთხრა მან BBC-ის.

რუსეთმა ბოლო თვეების განმავლობაში საკუთარი სამხედრო ძალების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა გადაისროლა ბელარუსსა და რუსეთის იმ რეგიონებში, რომლებიც უკრაინას ესაზღვრება.

უკრაინისა და დასავლური სახელმწიფოების სადაზვერვო სამსახურების ცნობებით, შესაძლოა, რუსეთი ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასხმისთვის ემზადებოდეს. მოსკოვი უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი