საზოგადოება

8 წლის ბავშვი დაიღუპა გზაზე, სადაც წლებია საგზაო ნიშნების დაყენებას ითხოვენ

16 თებერვალი, 2022 • 7844
8 წლის ბავშვი დაიღუპა გზაზე, სადაც წლებია საგზაო ნიშნების დაყენებას ითხოვენ

12 თებერვალს თბილისში, ოქროყანაში “გ” და “ბ” ზონების შეერთების ადგილას, ავტომანქანა 8 წლის ბიჭს დაეჯახა. მოზარდი ავარიის შედეგად გარდაიცვალა. ამ ადგილას ავტომობილების მოძრაობის გასაკონტროლებლად შესაბამისი ნიშნები არ არის. ადგილობრივების თქმით, ნიშნების არარსებობის გამო აქ ხშირად ხდება ავარიები, რომლებიც გარკვეულ შემთხვევებში მსხვერპლით, ზოგჯერ კი მძიმე დაზიანებებით სრულდება. თბილისის მერიამ აქ ე.წ. მწოლიარე პოლიციელის, ანუ სიჩქარის შემანელებელი ბორცვების დაყენებაზე გადაწყვეტილება გუშინ, 15 თებერვალს მიიღო.

რა მოხდა

ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები, მამუკა ჯღარკავა “ნეტგაზეთს” უყვება, რომ ორი წლის წინ ამ ადგილას ორი გოგო დაიღუპა, კიდევ უფრო ადრე კი მის მეზობელს დაეჯახა მანქანა და ფეხი დაუზიანა. მამუკას თქმით, “გ” და “ბ” ზონის შეერთებას ოქროყანაში “სიკვდილის ზონას” ეძახიან.

მამუკა აღწერს, რომ განსაკუთრებით საშიში მონაკვეთი 80-100 მეტრის სიგრძის ტერიტორიაა, სადაც არის გზაჯვარედინი, ავტობუსების გაჩერება, ნაძვნარი და დგას ნაგვის ურნებიც, ეს ყველაფერი კი ავტომანქანის მძღოლებისთვის ხილვადობას ამცირებს.

მისი თქმით, ავარიების და მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად მოსახლეობა რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდა ე.წ. მწოლიარე პოლიციელის, ანუ სიჩქარის შემანელებელი ბორცვების დაყენებას, თუმცა ამ დრომდე მათ მცდელობას შედეგი არ გამოუღია.

“ბევრს არაფერს ვითხოვთ, რაღაც ელემენტარული შეზღუდვები რომ იყოს გზაზე, მანქანამ რომ ნელა გაიაროს და არაფერი მოხდება. ახლა მაღალი სიჩქარით დადიან მანქანები და ზებრაც არ არის. კარგი იქნებოდა კამერის დაყენება, რომ მძღოლებს მაღალი სიჩქარით არ გაევლოთ. ამას გარდა, კარგი იქნებოდა სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები და ნიშნები, რომ ნელა გაიარონ მანქანებმა”, – ამბობს მამუკა ჯღარკავა.

ე.წ. მწოლიარე პოლიციელი

მისი თქმით, მერიას 2019 წელს მიმართა განცხადებით, რომელსაც ადგილობრივები აწერდნენ ხელს, თუმცა ე.წ. მწოლიარე პოლიციელის დამონტაჟებაზე უარი მიიღეს.

“თავად დავაყენებ დროებით ნიშანს”

გარდაცვლილი ბიჭის მეგობრის დედამ, ქეით დეივისმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მერიამდე აქ თავად გეგმავს დროებით ნიშნების დაყენებას:

“მე თავად არ შევსწრებივარ მომხდარს, მაგრამ მეზობლისგან გავიგე, რომ ბავშვები სკეიტბორდებით იყვნენ. გიო მთავარ გზაზე შევიდა. მანქანა, რომელიც მას დაეჯახა, არც დიდი სიჩქარით მიდიოდა და არც მძღოლი იყო ნასვამი, მაგრამ “ბრმა კუთხეა” და გიო ვერ დაინახა. “მწოლიარე პოლიციელი” და შენელების ნიშანი რომ ყოფილიყო იმ კუთხემდე, ჩემი აზრით, ეს არ მოხდებოდა. დიდი იმედი მაქვს, რომ ვითარება მალე შეიცვლება და მერია გადასასვლელს გააკეთებს. მანამდე მე დავდებ ნიშნებს”, – ამბობს ქეითი.

ბანერი, რომლის შემთხვევის ადგილზე დაყენებასაც გეგმავს ქეით დეივისი

საკრებულოს წევრის მიმართვა და მერიის პოზიცია

ამ ტერიტორიაზე შესაბამისი ნიშნების დაყენების თაობაზე მუნიციპალიტეტის მერიას თბილისის საკრებულოს ფრაქციის “თბილისი საქართველოსთვის” წევრებიც მიმართავენ. როგორც საკრებულოს წევრმა პარტიიდან” საქართველოსთვის”, გიორგი შარაშიძემ განუცხადა “ნეტგაზეთს”, ისინი მერიის შესაბამისი სამსახურებიდან ადგილზე არსებული ვითარების სასწრაფოდ შესწავლას და უმოკლეს ვადებში რეაგირებას ითხოვენ:

“ფრაქციის”თბილისი საქართველოსთვის” სახელით მოგახსენებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ქალაქ თბილისში, კერძოდ, ოქროყანაში, „გ“ და „ბ“ ზონის შესასვლელში არის სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი მდგომარეობა.

გამომდინარე იქიდან, რომ არც სიჩქარის შემზღუდველი ბარიერი და არც მოძრაობის მოსაწესრიგებელი საგზაო ნიშანი არ არის ადგილზე დამონტაჟებული, მოსახლეობა აღნიშნულ ადგილს “სიკვდილის ზონას” უწოდებს, რადგან ზუსტად ამ ადგილას უამრავი ადამიანი დასახიჩრდა და რამდენიმე გარდაიცვალა, მათ შორის, სულ ახლახან 8 წლის მოზარდი”, – ნათქვამია ფრაქციის წერილში, რომელიც თბილისის მერის სახელზე დღეს გაიგზავნა.

გიორგი შარაშიძე

ამ ინფორმაციების დასაზუსტებლად “ნეტგაზეთი” თბილისის მერიას დაუკავშირდა. მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ე.წ. მწოლიარე პოლიციელის დაყენების საკითხი გუშინ, 15 თებერვალს გადაწყდა. სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე ისინი კონტრაქტორი კომპანიის შერჩევას ელიან, რის შემდეგაც ადგილზე სიჩქარის შემაფერხებელი ბორცვები განთავსდება.

გარეკანის ფოტო: FB/მამუკა ჯღარკავა

მასალების გადაბეჭდვის წესი