პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სახელმწიფო დროშების აღმართვა სავალდებულო ხდება. კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, 16 თებერვალს, განიხილეს.
კანონპროექტის შედეგად სავალდებულო იქნება სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის შენობებზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ იმ იურიდიული პირის შენობებზე, რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას. ასევე, კანონპროექტის საფუძველზე სავალდებულო გახდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში.
როგორც კანონპროექტზე მომხსენებელმა, „ქართული ოცნების“ წევრმა კახა კახიშვილმა განაცხადა, ცვლილებების მიზანი საბავშვო ბაღის ასაკიდან პატრიოტიზმის გაღვივევების ხელშეწყობაა.
„ჩვენ ვიცით, რომ კანონის შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებებს ევალებათ საქართველოს სახელმწიფო დროშის აუცილებელი აღმართვა, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ მიგვაჩნია… იმ მიზნით, რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტად იყოს პატრიოტიზმი, საბავშვო ასაკიდან უნდა დავიწყოთ პოპულარიზაცია სახელმწიფო სიმბოლოების.
ამიტომ ამ კანონპროექტით გთავაზობთ ცვლილებას და საბავშვო ბაღებსა და სკოლებში აუცილებელი გახდეს სახელმწიფო დროშის მუდმივი აღმართვა და შემდგომში მეთოდურად ბავშვების მიყვანა დროშასთან, ამის გაცნობა და სახელმწიფო ჰიმნის განთავსება თვალსაჩინო ადგილებში და ბავშვობიდან სწავლა ჩვენი ჰიმნის“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
კენჭისყრა მოგვიანებით გაიმართება, თუმცა პარლამენტი მას დიდი ალბათობით მიიღებს, რადგან კანონპროექტს მმართველი პარტიის გარდა მხარს უჭერენ ოპოზიციაშიც. დავით კირკიტაძის განცხადებით, ინიციატივას მხარს დაუჭერს ენმ-ის ფრაქცია. მხარდმჭერი პოზიცია დააფიქსირეს „მოქალაქეებმაც“. კანონპროექტი გააკრიტიკეს „გირჩში“. ალექსანდრე რექვიაშვილის თქმით, ეს მიდგომა საბჭოთა კავშირს ახსენებს.
კახიშვილის თქმით, ასევე განიხილავენ, რომ სახელმწიფო დროშების აღმართვა უმაღლესი სასწავლებლებისთვისაც სავალდებულო გახდეს.