საზოგადოება

“დაანონსებული მშენებლობა არღვევს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს” – განცხადება ალავერდის შესახებ

11 თებერვალი, 2022 • 2125
“დაანონსებული მშენებლობა არღვევს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს” – განცხადება ალავერდის შესახებ

კულტურული მემკვდირეობის დაცვით დაინტერესებული მოქალაქეები და ორგანიზაციები კულტურის სამინისტროს მიმართავენ ალავერდის მონასტრის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით. განცხადების ხელმომწერნი სამინისტროს სთხოვენ მშენებლობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის მიწოდებას.

“ნებისმერი სახის მშენებლობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის სიახლოვეს არეგულირებს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალების დაცვის მოთხოვნებს და ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურებს.

მედიარეპორტაჟებში და არქიტექტურული კომპანიის ვებგვერდზე ნაჩვენები პროექტის რენდერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დაანონსებული მშენებლობა არღვევს კულტურული მემკვიდრეობის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მისი ამ სახით განხორციელება გამოიწვევს ეროვნული მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებას.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დამცავი ზონის რეჟიმის დარღვევა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერნი დასძენენ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია ალავერდის კათედრალი და ალაზნის ველი, როგორც კულტურული და ბუნებრივი ძეგლი, ისტორიულად ჩამოყალიბებული სახით შეუნარჩუნდეს მომავალ თაობებს.

“მოგმართავთ თხოვნით, მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული საჯარო ინფორმაცია ძეგლის ვიზუალური დაცვის ზონაში მიმდინარე სამუშაოების თაობაზე. ასევე, სასტუმროს მშენებლობის პროექტი და ნებართვა”, — აღნიშნავენ ისინი.

განცხადებას ხელს აწერენ:

მარიამ ლორია, სოფო ზვიადაძე, ქეთი შავგულიძე, ლევან ლოსაბერიძე, ახალგაზრდა არქეოლოგთა საზოგადოება, მანანა თევზაძე, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, მარინე მიზანდარი, საქართველოს ეროვნული ფონდი, ანა მარგველაშვილი, ნინო ინაიშვილი, საზოგადოება „ბათომი“, თამარ სიხარულიძე, ნანა ბაგალიშვილი, „სამოქალაქო ინიციატივა“, თამარ ამაშუკელი, ნინი ფალავანდიშვილი, ნატალია ბახტაძე-ენგლენდერი, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, გიორგი მუმლაძე, ანა მიქაუტაძე, ლელა ნინოშვილი, გიორგი ხიზანიშვილი, ნატალია ნებიერიძე, დავით მაისურაძე, ნანა ციხისთავი, ნატო ცინცაბაძე, ციცინო ჩაჩხუნაშვილი, მარი ქართველიშვილი, მანანა სურამელაშვილი, ცირა ელისაშვილი, მარიამ გურგენიძე, შოთა გუჯაბიძე.

მიმდინარე თვეში ცნობილი გახდა, რომ კომპანია “ბადაგონი” ალავერდში სასტუმრო Alaverdi Resort-ის მშენებლობას იწყებს. მისი განცხადებით, ეს არის “ალავერდის ეპარქიისა და კომპანია ბადაგონის 15- წლიანი თანამშრომლობის კიდევ ერთი პროექტი”.

კომპანიის თანახმად, რომელიც 14 მლნ ლარის ინვესტიციაზე საუბრობს, 32- ნომრიანი სასტუმრო, წელიწადში, 8-10 ათასი ვიზიტორის მიღებას გეგმავს.

პროექტის პრეზენტაციაში, რომელიც 3 თებერვალს გაიმართა, მონაწილეობდნენ როგორც სახელმწიფოს, ისე ეკლესიის წარმომადგენლები:

“ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე საფუძველი ჩაეყარა სასტუმრო-კომპლექს ალავერდი რეზორტის მშენებლობას”, — მიმართა ღონისძების სტუმრებს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა, რომელმაც, როგორც თავად თქვა, სასტუმროს საძირკველი აკურთხა.

მისივე სიტყვებით, “მცდარი შეხედულება, რომ თურმე ეკლესიასთან თანამშრომლობა არ შეიძლება და ეკლესიის კუთვნილ უძრავ ქონებაზე რაიმეს წამოწყება არ შეიძლება, ამ მაგალითით ირღვევა”.

ლევან დავითაშვილმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჯერ კიდევ გარემოს დაცვის მინისტრი იყო, დასძინა, რომ პროექტი “ძალიან ჰარმონიულადაა შერწყმული იმ ღირებულ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასთან”.

“ბადაგონის” განცხადებით, სასტუმროს გახსნა 2023 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი