საზოგადოება

როგორ აშენდა თბილისში სავაჭრო ცენტრი უკანონოდ

1 თებერვალი, 2022 • 2247
როგორ აშენდა თბილისში სავაჭრო ცენტრი უკანონოდ

კომპანია „მოდუსმა“ კახეთის გზატკეცილზე სავაჭრო ცენტრი უკანონოდ ააშენა. ინფორმაცია ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა და მერიამაც დაადასტურა.

ხაბეიშვილის თქმით, საკუთრებაში არსებული ფართის მიმდებარედ კომპანიამ 2018 წელს აუქციონის წესით დამატებით იყიდა 9 300 კვადრატული მეტრი ფართობი. აღნიშნულ ტერიტორიას რეკრეაციული ზონა 2-ის სტატუსი აქვს მინიჭებული, სადაც მშენებლობა მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზეა დასაშვები, ისიც – მხოლოდ კონკრეტული დანიშნულების ობიექტებისთვის.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტზე „მოდუსის“ შენობაზე მსგავსი მშენებლობის ნებართვა არ იძებნება.

„სავაჭრო ცენტრი ისე ააშენებინეს უკანონოდ, პასუხი არავინ მოსთხოვა. ეს ობიექტი ვაჭრობს, მაგრამ არანაირი დოკუმენტაცია ბუნებაში არ არსებობს“, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ნეტგაზეთი“ თბილისის მერიასაც დაუკავშირდა. მერიაში ამბობენ, რომ კერძო ტერიტორიაზე უკანონოდ აშენებული კომერციული დანიშნულების შენობის გამო კომპანია რამდენჯერმე დაჯარიმდა, ჯამში, 245 000 ლარით.

მუნიციპალიტეტის მთავრობის თქმით, ამ ნაგებობაზე მერიას ნებართვა არ გაუცია:

„მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიას არ გაუცია. უკანონო მშენებლობებზე მუნიციპალური ინსპექცია მყისიერად რეაგირებს კანონის ფარგლებში. უფრო მეტიც, პრევენციის მიზნით, თბილისის მერის ინიციატივით, გასული წლის შემოდგომაზე პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებით შემოიღო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომა“, – ამბობენ მერიაში.

მუნიციპალიტეტის თქმით, საკითხი გადაცემულია აღსრულების ბიუროსთვის.

კომპანიაში კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი