საზოგადოება

„გავუწიეთ ანგარიში ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციას“ – ხელაშვილი რუსეთის უხსენებლობაზე რეზოლუციაში

28 იანვარი, 2022 • 1993
„გავუწიეთ ანგარიში ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციას“ – ხელაშვილი რუსეთის უხსენებლობაზე რეზოლუციაში

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, „ქართული ოცნების“ პარლამენტარი გიორგი ხელაშვილი აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია არ ახსენა, რადგან ანგარიში გაუწია „ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციას და უკრაინიდან მომდინარე სიგნალებს.

„რუსეთის ჩაწერა არანაირი პრობლემა არ იყო ამ რეზოლუციაში. ჩვენ გავუწიეთ ანგარიში ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციას და თავად უკრაინის მხრიდან მომდინარე პოლიტიკურ სიგნალებს“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად.

„როგორც იცით, უკრაინის გარშემო უკიდურესად არის დაძაბული ვითარება და ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია, იქ ვითარება კიდევ უფრო არ დაიძაბოს. პრეზიდენტი ზელენსკი, უშიშროების საბჭოს მდივანი, ასევე, მისი კაბინეტის უფროსი, მუდმივად მოუწოდებენ საკუთარ მოსახლეობას, საერთაშორისო თანამეგობრობას, ნუ შექმნიან დამატებით პანიკას და ნუ გაამწვავებენ ვითარებას, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის აგრესიას“, – განაცხადა ხელაშვილმა.

„ეს იყო მთავარი, რის გამოც ჩვენ შევეცადეთ, ტექსტი ყოფილიყო პრინციპული, მაგრამ ყოველგვარი ზედმეტი პროვოკაციული სიმწვავის გარეშე“, – დასძინა მან.

პარლამენტის თქმითვე, რეზოლუციაში „ზუსტად არის განსაზღვრული დღევანდელი დღის მთავარი პოლიტიკური ამოცანა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი არ დაიწყოს“.

„როგორც ჩანს, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან, ვინ არის აგრესიის წყარო“, – განაცხადა ასევე გიორგი ხელაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე თქვა, რომ საქართველოს პარლამენტი არის პირველი მსოფლიოში, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

„რაც უნდა ჩაგვეწერა, ოპოზიცია აუცილებლად გამონახავდა საფუძველს ობსტრუქციისთვის, რომ დაეწყოთ არა მარტო კრიტიკა, არამედ დავედანაშაულებინეთ ათასგვარ სისულლეში, რაც ძალიან ხშირად მათივე წიაღიდან მოდის“, – განაცხადა მან.


უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და დააინიცირა, რუსეთი ნახსენები არაა.

26 იანვარს, რეზოლუციის პარლამენტში დარეგისტრირებამდე, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის კონსულტაციები ორჯერ გაიმართა. პირველი კონსულტაციის შემდეგ ოპოზიცია აცხადებდა, რომ უმრავლესობასთან რეზოლუციის პრინციპებზე შეთანხმდნენ. მათი თქმით, ტექსტში ნახსენები იყო რუსეთიც.

თუმცა მეორე კონსულტაციაზე, სადაც „ოცნებას“ ოპოზიციის შენიშვნების გათვალისწინებით რეზოლუციის საბოლოო ტექსტი უნდა წარედგინა, ოპოზიციის თქმით, ტექსტი რადიკალურად შეიცვალა და რუსეთის ფედერაციაც წაიშალა.

გიორგი ხელაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია „ქართული ოცნების“ თავდაპირველ ვერსიაშიც არ ყოფილა ნახსენები და „ოპოზიციის შენიშვნების არგათვალისწინება მოხდა“. ამის მიზეზად მან დაასახელა ოპოზიციონერების შეუთანხმებლობა ერთმანეთში.

საბოლოოდ რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება ვერ შედგა და ის „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის თანაავტორობის გარეშე დააინიცირა.  ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ რეზოლუციის ალტერნატიული ტექსტი მოამზადონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი