საზოგადოება

მასწავლებელთა ბრძოლა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებისთვის

28 იანვარი, 2022 • 4053
მასწავლებელთა ბრძოლა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებისთვის

საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას ხელფასს ძირითადად არ იღებენ. კანონი დირექტორებს არ ავალდებულებს დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას და ეს მხოლოდ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

თბილისის 178-ე სკოლის ინგლისურის მასწავლებელს სურს, რომ ეს შეიცვალოს. მან საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რათა ბავშვის გაჩენის გამო დეკრეტულ შვებულებაში გასულმა უკლებლივ ყველა მასწავლებელმა შეძლოს ხელფასის მიღება.

ხელფასის გარეშე, ათასი ლარის იმედად

თამარ ცანავა 12 წელია, სკოლის მოსწავლეებს ინგლისურს ასწავლის. ის 7 წლის სანდროსა და 4 წლის თეკლას დედაა. დეკრეტული შვებულებით ორივე ბავშვის გაჩენისას ისარგებლა,მაგრამ ანაზღაურების გარეშე. სკოლა ამ პერიოდში  ხელფასს არ უხდიდა.

მისი შემოსავალი დეკრეტულ შვებულებაში თითოეულ ბავშვზე სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი, ათასლარიანი დახმარება იყო, რომელსაც ყველა მშობიარე სტანდარტულად იღებს.

თამარ ცანავა. ფოტო: პირადი ფეისბუკი

ცანავა ერთადერთი არაა, ვინც მსგავსი დაბრკოლების წინაშე დგას. სწორედ ამიტომ, ფეისბუკზე მასწავლებლებმა, თვითორგანიზების მიზნით, სპეციალური ჯგუფიც შექმნეს და შეადგინეს პეტიცია, რომელსაც ამ დროისთვის 5 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

გარდა ამისა, დეკრეტული შვებულების ანაზღაურების მოთხოვნით პარლამენტში თამარ ცანავას შეტანილი საკანონმდებლო წინადადება, ბიუროს გადაწყვეტილებით, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა მომავალ თვეებში უნდა განიხილოს.

„ჩვენ, მასწავლებლებს, ბავშვის გაჩენის შემთხვევაში გვაქვს ასეთი საშვებულებო პირობები: სახელმწიფოსგან ვიღებთ ერთჯერად, ათასლარიან ანაზღაურებას, სკოლიდან ხელფასის აღება კი დამოკიდებულია დირექტორის კეთილ ნებაზე. თუ სკოლის ბიუჯეტში არის ფული, შეიძლება, მოგვცენ. თუმცა, ჯერ არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა.

ახალი ცვლილებებით, მშობიარობის შემდეგ დეკრეტული შვებულება 4-თვიანია, დანარჩენი 2 თვე კი შეუძლია აიღოს როგორც დედამ, ასევე მამამ. გამოდის, იმ 4 თვის ანაზღაურება ჩაგვერიცხება თუ არა, მხოლოდ დირექტორზეა დამოკიდებული. ალბათ, სულ, 3-4 შემთხვევა ვიცი, ისიც მაღალმთიან რეგიონში, როცა მასწავლებლებს დეკრეტული აუნაზღაურეს. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული დირექტორის კეთილ ნებაზე, ამისთვის ვიბრძვით ჩვენ“, — ამბობს თამარ ცანავა ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

ის დასძენს, რომ 21-ე საუკუნეში ქალი, მათ შორის, მასწავლებელი რომ ვერ იღებს დეკრეტულ ანაზღაურებას სრულფასოვნად, ნამდვილად სირცხვილია და იმედოვნებს, რომ საბოლოოდ, პარლამენტი მათ სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას.

„ახალგაზრდა მასწავლებლები სულ უფრო მოდიან და მოდიან, სულ „ახალი სისხლი“ შემოდის განათლების სისტემაში და ადრე თუ გვიან, ეს ამბავი მაინც გასკდება და მაინც იძულებული იქნება სახელმწიფო, მასწავლებლებს, და არა მხოლოდ მათ, დეკრეტულ შვებულებაში ხელფასი გადაუხადოს.  არამხოლოდ მასწავლებლების, ყველა ქალის უფლებაა ეს.

პოსტერი დეკრეტული ანაზღაურების მოთხოვნით. ფოტო: ფეისბუკ ჯგუფი „მოვითხოვთ დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას“

ძალიან ბევრი ახალგაზრდა მასწავლებელი ვიცი, ვინც ფინანსური რესურსის არქონის გამო სკოლა დატოვა. თუნდაც ის 6 თვე ბევრს უწყვეტდა მას და მიეღო გადაწყვეტილება დარჩენის ან წასვლის შესახებ, რადგან, მაგალითად, ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავდა“, — უთხრა ცანავამ ნეტგაზეთს.

მისივე ინფორმაციით, მასწავლებელთა დიდი ნაწილი დეკრეტული შვებულებიდან ადრე ბრუნდება და ხელფასს ძიძას უხდის, „იკლებს როგორც ფინანსებს, ასევე ბავშვთან ყოფნის ბედნიერებას“.

„ძალიან მინდა, რომ მესამე და მეოთხე შვილიც მყავდეს. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფაქტორი, რის გამოც თავს ვიკავებ, სწორედ დეკრეტული შვებულების ცუდი პირობებია. რომ გადავთვალო, შეიძლება, 6 თვეში ჩემი ხელფასი იყოს 8 000 ლარი და სახელმწიფოს ერთჯერადი დახმარების — 1 000 ლარის იმედზე უნდა დავჯდე 6 თვე სახლში.

დიახ, ჩემი მეუღლეც მუშაობს და შემიძლია, რაღაცნაირად მოვახერხო, რომ ბავშვები გავზარდო, მაგრამ რატომ? იცით, როგორ არის? უკვე ყელში გვიჭერს და გვახრჩობს ეს სიბრაზეც. უსამართლობის განცდა გვაქვს დიდი“, — ამბობს თამარ ცანავა.

„გაშვებული შესაძლებლობა“

„პრობლემურია და რეალურად ვერ უზრუნველყოფს დეკრეტული შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობას“, — სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი ეკო მამალაძე ასე აფასებს შრომის კანონმდებლობაში არსებულ ჩანაწერს დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით.

შრომის რეფორმის შედეგად, რომელიც 2020 წელს სახელმწიფომ გაატარა, დეკრეტული შვებულების საერთო ხანგრძლივობა უცვლელი დარჩა და 730 დღე შეადგინა. ეს იყოფა ორ ნაწილად: ორსულობა-მშობიარობისა და ბავშვის მოვლისთვის განკუთვნილ შვებულებად. აქედან ანაზღაურებადია მხოლოდ 183 დღე.

730 დღის ორ ნაწილად გაყოფა ნიშნავს, რომ მისი აღება შეუძლია როგორც დედას, ასევე მამას. ამის გათვალისწინებით, საბოლოოდ გამოდის, რომ უშუალოდ დედის, ანუ მშობიარობასთან და ფეხმძიმობასთან დაკავშირებული ანაზღაურებადი დღეები შეადგენს 126 დღეს. ტყუპებისა ან/და გართულებების გამო დღეების რაოდენობა მცირედით იზრდება.

ეკო მამალაძე. ფოტო: ევროკავშირი საქართველოსთვის

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი ეკო მამალაძე ნეტგაზეთს ეუბნება, დეკრეტული ანაზღაურების საკითხი „სამწუხაროდ, შრომის რეფორმის ფარგლებში სათანადოდ ვერ მოწესრიგდა“, მიუხედავად პროცესში მათი აქტიური მონაწილეობისა.

„ძალიან გვინდოდა, ანაზღაურების საკითხი დარეგულირებულიყო, რასაც მყისიერი ეფექტი ექნებოდა, განსაკუთრებით, დასაქმებულ ქალებზე.

სამწუხაროდ, ეს ეფექტი ვერ მივიღეთ. გაშვებული შესაძლებლობა იყო დეკრეტული ანაზღაურების საკითხის მოწესრიგება. შესაბამისად, აუცილებელია, ღირსეული დეკრეტული ანაზღაურების საკითხი ისევ დადგეს დღის წესრიგში“, — ამბობს ეკო მამალაძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

ის დასძენს, რომ 2020 წელს პარლამენტმა უცვლელად დატოვა ის უთანასწორო გარემო, რომელიც საჯარო სამსახურსა და კერძო სამსახურებში დასაქმებულ ქალებს შორის არის დეკრეტული შვებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალს საშვებულებო პერიოდი უნაზღაურდება მისი თანამდებობრივი სარგოსა და დანამატების მიხედვით — რაც აქვს ხელფასი, ის მიეცემა 6 თვის განმავლობაში. კერძო სექტორში დამოკიდებულია დამსაქმებლის კეთილ ნებაზე, მასწავლებლის შემთხვევაში – დირექტორზე.

სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მასწავლებელი კი სკოლის მიერ ხელშეკრულებით დაქირავებული თანამშრომელი. ის არ არის საჯარო მოხელე, ამიტომ მასზე არ ვრცელდება კანონით განსაზღვრული პრივილეგია და მხოლოდ კონკრეტული სკოლის დირექტორის კეთილი ნების იმედად არის დარჩენილი.

როგორც იურისტი ეკო მამალაძე ნეტგაზეთს ეუბნება, მსოფლიოში არ არსებობს დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ერთგვაროვანი მოდელი, მაგრამ არის აღიარებული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, „დეკრეტული შვებულების ანაზღაურებით მშობელმა უნდა შეძლოს როგორც საკუთარი, ისე ბავშვის ჯანმრთელობისა და ცხოვრების სათანადო სტანდარტის შენარჩუნება.“

„რა თქმა უნდა, 1000-ლარიანი ერთჯერადი დახმარება 6-თვიანი საშვებულებო პერიოდის განმავლობაში ვერ აღწევს და ვერ ასრულებს ამ მიზანს. მხოლოდ დეკრეტული შვებულების უფლების არსებობა, შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების გარეშე, იმ რეალობის წინაშე აყენებს ქალს, რომ დროზე ადრე შეწყვიტოს დეკრეტული შვებულება და დაუბრუნდეს სამსახურს, რათა შეძლოს საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენა“, — განუცხადა ეკო მამალაძემ ნეტგაზეთს.

როგორც იურისტი ამბობს, საკითხი რთული მოსაგვარებელია, რადგან სახელმწიფოს გარკვეულწილად მოუწევს კერძო სექტორზე ზემოქმედება და საკითხის მეტად დარეგულირება.

„თუმცა არსებობს საერთაშორისო გამოცდილებები, როგორ შეიძლება ესეც მოწესრიგდეს, რათა მხოლოდ კერძო სექტორზე არ იყოს დამოკიდებული დეკრეტული შვებულების ანაზღაურება.

მაგალითად, იქმნება ფონდები, რომელიც ნაწილდება შემდგომ და ა.შ. მთავარია, ეს საკითხი დაიძრას და სახელმწიფომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით იმსჯელოს და შექმნას დაბალანსებული მოდელი, რომელიც ყველას ინტერესებს გაითვალისწინებს“, — აცხადებს იურისტი.

ნეტგაზეთმა ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ლადო კახაძეს მიმართა.

მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ თამარ ცანავას საკანონმდებლო წინადადებას ამ დროისთვის არ იცნობს.

ჯერჯერობით ასევე უცნობია, როდის დაიწყებენ კანონმდებლები 178-ე საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებლის საკანონმდებლო წინადადების განხილვას, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებელთა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხის მოწესრიგებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი