საზოგადოება

მოსკოვი უკრაინაში პრორუსული ხელისუფლების დასმას გეგმავს — დიდი ბრიტანეთი

23 იანვარი, 2022 • 2624
მოსკოვი უკრაინაში პრორუსული ხელისუფლების დასმას გეგმავს — დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში პრორუსული ხელისუფლების დასმას გეგმავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებულებებზე არ უსაუბრია, თუმცა ახსენა უკრაინელი პოლიტიკოსები, რომლებთანაც, მისი თქმით, მოსკოვი თანამშრომლობს.

აღნიშნული ცნობების გავრცელებას თან ახლავს დასავლეთის მზარდი შიშები უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით. მოსკოვში უარყოფენ მსგავს მისწრაფებებს.

“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ რუსეთის მთავრობა, უკრაინაში შეჭრისა თუ ოკუპაციის განხილვის პარალელურად, კიევში პრორუსი ლიდერის დასმას გეგმავს”, — დასძენს დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება.

მისივე ცნობით, პრორუსული ხელისუფლების ლიდერობის კანდიდატად მოსკოვი უკრაინელ პოლიტიკოსს, პრორუს ევგენი მურაევს განიხილავს. მურაევმა უკრაინის პარლამენტში მანდატი 2019 წელს დაკარგა, რადგან მისმა პარტიამ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა.

უწყება ასევე ასახელებს 4 პოლიტიკოსს, რომლებიც, მისი ცნობით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან ინარჩუნებენ კავშირებს. ესენი არიან:

  • სერგეი არბუზოვი — უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი 2012-2014 წლებში და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი 2014 წელს;
  • ანდრეი კლუევი — პირველი ვიცე-პრემიერი 2010-2012 წლებში და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის შტაბის უფროსი;
  • ვლადიმერ სივკოვიჩი — უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე (RNBO);
  • მიკოლა აზაროვი — უკრაინის პრემიერ მინისტრი 2010-2014 წლებში.

ამავე განცხადების მიხედვით, ზოგიერთ პირი კონტაქტზეა იმ ოფიცრებთან, რომლებიც უკრაინაში შეჭრის გეგმის მომზადებაში უშუალოდ არიან ჩართულნი.

“ჩვენ არ შევეგუებით კრემლის შეთქმულებას უკრაინაში პრორუსული ხელმძღვანელობის დაყენების მიზნით…

კრემლმა იცის, რომ სამხედრო შეჭრა დიდი სტრატეგიული შეცდომა იქნება და გაერთიანებული სამეფო და ჩვენი პარტნიორები მძიმე ფასს გადავახდევინებთ რუსეთს”, — დაწერა ტვიტერზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.

ლონდონში მტკიცებულებებსა თუ სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. როგორც სააგენტო Reuters-ს წყარომ განუცხადა, სადაზვერვო მასალებზე საჯაროდ საუბარი ჩვეულებრივი პრაქტიკა არ არის და ზოგიერთი დეტალი შესაბამისი განხილვების შემდეგ, რუსეთის აგრესიის შეკავების მიზნით გაცხადდა.

რუსეთის საგარეო უწყება დეზინფორმაციად აფასებს ზემოხსენებულ ცნობებს. ის დიდ ბრიტანეთსა და ნატოს უკრაინასთან დაკავშირებით “დაძაბულობის ესკალაციაში” ადანაშაულებს. ის მოუწოდებს ლონდონს, “შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, სისულელეების გავრცელება”.

ცნობებს უარყოფს სერგეი მურაევიც, რომელსაც ლონდონი პრორუსული ხელისუფლების პოტენციურ ლიდერად განიხილავს. მისი თქმით, რუსეთში შესვლა აკრძალული აქვს.

“დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება დაბნეული ჩანს”, — უთხრა მურაევმა ბრიტანულ Observer-ს.

რა ხდება?

რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან.

გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს.

რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

მოსკოვის მოთხოვნაა:

  • არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო;
  • არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება;
  • უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე.

11 იანვარს ჟენევაში აშშ-რუსეთის დიპლომატიური მოლაპარაკებები გაიმართა, 12 იანვარს ბრიუსელში — ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა იმართება. ამ მოლაპარაკებებზე რუსეთმა ნატო-ს გაფართოების შეჩერების პირობა ვერ მიიღო.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს გარკვეული ზომები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და სამხედრო წვრთნების მასშტაბები, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი.

ამასთან, ვაშინგტონმა გამორიცხა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს სამხედრო ყოფნის შესუსტება და რუსეთისთვის გარანტიის მიცემა, რომ ნატო არ გაფართოვდება.

უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებული შიშების ფონზე, ბოლო პერიოდში ნატოს არაერთმა წევრმა გამოთქვა კიევისათვის შეიარაღების მიწოდებისათვის მზადყოფნა. აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი პარტია კიევში უკვე ჩავიდა.

ამასთაბ, აშშ-მა ნება დართო ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს, ამერიკული წარმოების იარაღი მიაწოდონ უკრაინას. ალიანსის არაერთი წევრი — მათ შორის, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი — თანახმაა, კიევს შეიარაღება პირდაპირ მიაწოდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი