საზოგადოება

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე 2 კანდიდატურა წარუდგინა

22 იანვარი, 2022 • 857
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე 2 კანდიდატურა წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე თენგიზ თევზაძისა  და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები წარუდგინა.

მანამდე, საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს ხსენებულ თანამდებობაზე 3 კანდიდატურა წარუდგინა. კალანდარიშვილისა და თევზაძის გარდა, დასახელებული იყო თამაზ ფოლადაშვილის კანდიდატურაც.

გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს მოქმედი თავმჯდომარეა. ის საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარ პრობლემად და გამოწვევად დეზინფორმაციასა და საარჩევნო კულტურას ასახელებს.

რაც შეეხება თენგიზ თევზაძეს, ის სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია. გასაუბრებაზე თევზაძემ კომისიას თავისი ხედვები გააცნო და აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანია მოხალისეობა და  პასუხისმგებლობა.

ამასთან, თევზაძემ დღეს არსებული საარჩევნო პროცედურები გააკრიტიკა და თქვა, რომ ელექტრონული ტექნოლოგიები საარჩევნო პროცესში რაც შეიძლება მალე უნდა დაინერგოს.

თავმჯდომარეობის გარდა, ცესკოში ვაკანტური იყო კომისიის ორი წევრის ადგილიც. საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს კომისიის წევრობის ოთხი კანდიდატურა წარუდგინა: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა ოთხივე კანდიდატურა წარუდგინა პარლამენტს.

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და ორი წევრი 2021 წლის აგვისტოში  19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე მიღებული ახალი კანონით 6 თვით აირჩია. უფლებამოსილების ვადა მათ თებერვლის დასაწყისში ეწურებათ.

თუმცა, სანამ ახალი კონკურსი გამოცხადდებოდა, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის ახალ წესში 2021 წლის დეკემბერში ისევ ცვლილებები შევიდა. რითაც  შემცირდა ცესკოს წევრების ასარჩევი პროცედურის ვადა და კენჭისყრების რაოდენობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი