საზოგადოება

NGO-ებმა ცესკოს თავმჯდომარის შერჩევაში მონაწილეობაზე უარი თქვეს — რატომ?

14 იანვარი, 2022 • 2570
NGO-ებმა ცესკოს თავმჯდომარის შერჩევაში მონაწილეობაზე უარი თქვეს — რატომ?

დღეს, 14 იანვარს, პრეზიდენტის მიერ შექმნილმა კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მოუსმინა.  განსხვავებით წინა წლისაგან, ახალ კომისიაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ძირითადმა ავტორიტეტულმა არასმთავრობო ორგანიზაციებმა.

წინა წლის გამოცდილების გათვალისწინებით, აღნიშნული არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესში მათი მონაწილეობა ფორმალობაა, რადგან ხელისუფლებას გადაწყვეტილება წინასწარ  აქვს მიღებული.

ვის სურს ცესკოს  თავმჯდომარეობა

ცესკოს თავმჯდომარეობის მსურველი არც ისე ბევრია. განსხვავებით წინა წლის კონკურსისაგან (გასაუბრების ეტაპზე 8 კანდიდატი იყო გადასული), დღეს გასაუბრების ეტაპზე ოთხ კანდიდატს მოუსმინეს. მათ შორისაა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, რომელმაც საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარ პრობლემად და გამოწვევად დეზინფორმაცია და საარჩევნო კულტურა დაასახელა.

„რაც არ უნდა კარგი თუ ცუდი ვაკეთოთ, აღქმების თეორიას, დეზინფორმაციის გავრცელებას, ე.წ. ფეიკინფორმაციის გავრცელებას იმ დონეზე მაღალი გავლენა აქვს ამ პროცესებზე, რომ შეიძლება ყველაფერი უკან ისე შემობრუნდეს, რომ ეს შენი ამდენი ნაღვაწი, ნაშრომი… შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ჩამოგენგრეს“, — განაცხადა კალანდარიშვილმა.

კალანდარიშვილის მსგავსად, დეზინფორმაციას ასახელებს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ცესკოს თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი თამაზ ფოლადაშვილი, რომელიც ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა. მისი თქმით, „დეზინფორმაციამ საინფორმაციო ველი წალეკა არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ პერიოდში“.

ცესკოს თავმდჯომარეობის კანდიდატი გიორგი შაიშმელაშვილი, რომელიც 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნებისას, სამგორის საარჩევნო საოლქო კომისიაში პარტია „მოქალაქეების“ დროებითი წარმომადგენელი იყო, მიიჩნევს, რომ საარჩევნო პროცესში არასწორი ინფორმაციის გავრცელებისა და გადაცდომებისათვის მედიასაშუალებებს პასუხი უნდა მოეთხოვოთ.

„საუბნოს კომისიის ახალბედა კადრების პატარა შეცდომა განკითხვისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი ხდება. თუმცა საინტერესოა, რომ მედიის გადაცდომები არის დავიწყებადი და ყოველ ახალ არჩევნებზე განახლებადი. მე ვისურვებდი, რომ შეიქმნას სტანდარტი, რომ მედიასაშულებებს პასუხი მოეთხოვოთ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე და განზრახ აკრძალული ფაქტის გაშუქებაზე და ა.შ.“, — განაცხადა შაიშმელაშვილმა გასაუბრებისას.

ცესკოს თავმდჯომარეობის კიდევ ერთი კანდიდატია სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ თევზაძე. გასაუბრებაზე თევზაძემ კომისიას თავისი ხედვები გააცნო და აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანია მოხალისეობა და  პასუხისმგებლობა. ამასთან, თევზაძემ დღეს არსებული საარჩევნო პროცედურები გააკრიტიკა და თქვა, რომ ელექტრონული ტექნოლოგიები საარჩევნო პროცესში რაც შეიძლება მალე უნდა დაინერგოს.

„არ შეიძლება 2032 წელს ნათელა ბებო ათი საათი ითვლიდეს 300 ბიულეტენს, თუ ამის მომხრეა ვინმე, ის საფრთხეა, ჩემი აზრით, დემოკრატიული საზოგადოების წეს-წყობილების დამკვიდრებისა საქართველოში“, – განაცხადა თევზაძემ.

რატომ თქვეს უარი არასამთავრობო ორგანიზაციებმა შესარჩევ კომისიაზე

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტისგან მოწვევა მიუვიდათ, ცნობილია, რომ შესარჩევ კომისიაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანმა არჩევნებმა(ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ (TI) და  ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტმა(IDFI). ოთხივე ორგანიზაცია 2021 წლის ზაფხულში შექმნილი შესარჩევი კომისიის წევრი იყო, IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი კი, კომისიის თავმჯდომარე.

როგორც ნეტგაზეთთან საისა და ISFED-ის ხელმძღვანელები ამბობენ, ზაფხულში შესარჩევ კომისიაში მონაწილეობით სცადეს, რომ პროცესში პოზიტიური როლი შეეტანათ და ის უფრო გამჭვირვალე და საჯარო გაეხადათ.

თუმცა პროცესებმა აჩვენა, რომ  კომისიის წევრების უმეტესობა ხელისუფლების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდა და გადაწყვიტეს, რომ „ფორმალური პროცესის მონაწილეები“ აღარ ყოფილიყვნენ.

„მაშინ ჩვენი მიზანი იყო, რომ პოზიტიური როლი გვეთამაშა და ხელი შეგვეწყო პროცესის გამჭვირვალობისთვის, სადაც შევძლებდით როგორც ცესკოს თავმჯდომარეობის, ისე ისეთი პროფესიული წევრების არჩევას, რომელსაც მაღალი საზოგადოებრივი ნდობა ექნებოდა და ახალი პოლიტიკური კონსენსუსით იქნებოდა დანიშნული. იმიტომ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმებაც და შემდგომი რეფორმაც ამას ემსახურებოდა,  ცესკოს სანდოობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მრავალპარტიული მხარდაჭერა და საზოგადოების ნდობა ჰქონოდა იმას, ვინც ცესკოში იქნებოდა.

თუმცა კომისიაში მუშაობის დროს პროცესებმა არაერთი ხარვეზი გამოავლინა და კომისიის წევრების უმრავლესობა არ გამოირჩეოდა ობიექტურობითა და მიუკერძოებლობით. ამ პროცესმა ძალიან ბევრი შეკითხვა დატოვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დამოუკიდებელი იყო კომისიის ზოგიერთი წევრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

იმიტომ, რომ მაგალითად, ჩვენმა ორგანიზაციამ თავმჯდომარეობის არცერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი და ვისაც დავუჭირეთ პროფესიულ წევრზე, იმათგან ნაწილი გადავიდა პარლამენტში, თუმცა ნაწილი საერთოდ არ გადაიყვანა საქართველოს პრეზიდენტმა. ამიტომ, ფაქტობრივად, ჩვენი მონაწილეობა ფორმალური იყო“, – ამბობს ნეტგაზეთთან ISFED-ის ხელმძღვანელი ნინო დოლიძე.

დოლიძის ინფორმაციით, ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების გარდა, შესარჩევ კომისიაში მონაწილეობა პრეზიდენტმა სხვა ორგანიზაციებსაც შესთავაზა, თუმცა მათაც უარი თქვეს.

კომისიაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს საიას ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი, რადგან მისი შეფასებით, ეს პროცესი თავიდან ბოლომდე არასწორად რეგულირებული და წარმართულია.

მისი თქმით, კანონმდებლობა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების შერჩევის საკითხს აწესრიგებს, დასაწყისიდან საბოლოო პროცედურამდე ორიენტირებულია იმაზე, რომ ხელისუფლებამ მარტივად შეძლოს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება.

„სანამ წინა გასაუბრება დაიწყებოდა გასული წლის ზაფხულში, როცა კომისიის შექმნის წესი დგინდებოდა, ჩვენ ვამბობდით, რომ კომისიის შექმნის წესებში იყო პრობლემა. ის პრობლემური წესები, რაც კომისიის შექმნას და მის მუშაობას უკავშირდებოდა, რა თქმა უნდა, უპირატესობას აძლევდა ხელისუფლებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, ის წესები, რაც მიიღო პარლამენტმა, არ იყო სწორი. თუმცა ჩვენ, მიუხედავად ამისა, მაინც მივიღეთ მონაწილეობა წინა ჯერზე კომისიის მუშაობაში და ვფიქრობდით, რომ ამ პროცესში ჩვენი პოზიტიური წვლილი შეგვეტანა.

თუმცა, რეალურად, იმ წესებმა, რომლებიც კანონმდებლობით არის დადგენილი და პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილებამ, რომლის ძალითაც განისაზღვრა კომისიის შემადგენლობა, დადგინდა ისე, რომ ისევ ხელისუფლების სასარგებლოდ ყოფილიყო გადაწყვეტილებები მიღებული“, – აღნიშნავს ნეტგაზეთთან სიმონიშვილი.

მისი თქმით, წინა კომისიის წევრების მიღებულ გადაწყვეტილებებზე ბევრი კითხვის ნიშანი აქვს.

„მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ისინი წინასწარ შეთანხმებითაც მოქმედებდნენ ამ საკითხთან მიმართებით. ამდენად, იგივე პირობებით იქმნებოდა ეს კომისიაც და ჩვენ შემოგვთავაზეს მეორე ჯერზეც მიგვეღო მონაწილეობა, თუმცა უარი ვთქვით. უარი ვთქვით იმის გამო, რომ იგივე პირობებში მოგვიწევდა ყოფნა, სადაც ვერავითარ პოზიტიურ გავლენას ამ პროცესზე ვერ მოვახდენდით და, შესაბამისად, ფაქტობრივად, იგივე გადაწყვეტილებას ვიხილავდით“, – ამბობს სიმონიშვილი.

სიმონიშვილის თქმით, ამას ერთვის ისიც, რომ ხელისუფლებამ პროცედურები კიდევ უფრო გაამარტივა თავის სასარგებლოდ, რითაც ცესკოს წევრების და თავმჯდომარის კონსენსუსის გზით არჩევის მოტივაცია შეამცირა.

„აქ არის მეორე საკითხი, რომელიც კომისიის შემდგომ პარლამენტში ამ წევრთა შერჩევას შეეხება და მათთვის კენჭისყრას. ხელისუფლებამ იმდენად გააუბრალოვა ის წესები, რომლებიც კომისიის წევრთა დანიშვნას შეეხება, რომ ფაქტობრივად, არანაირად არ არის ორიენტირებული კონსენსუსზე, რომ ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს, მარტივი უმრავლესობით პროფესიული წევრებიც და თავმჯდომარეც დანიშნოს.

ამდენად, ამ საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე მივიღეთ შედეგი. ერთია, რომ ხელისუფლებამ გაიმარტივა პროცედურები  მის სასარგებლოდ და მეორეა, რომ როდესაც ეს გადაწყვეტილება არ არის კონსენსუსზე დაფუძნებული და ეს პირები დაინიშნებიან 6 თვის ვადით, ეს მათი დამოუკიდებლობის გარანტებს ამცირებს. ყოველ 6 თვეში ეს პირები დამოკიდებული იქნებიან ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე, რომ ისინი თავიდან იყვნენ გადანიშნულები ამ თანამდებობაზე“, – განაცხადა სიმონიშვილმა.

რატომ არ  მონაწილეობს ცესკოს თავმჯდომარის კონკურსში მეტი კანდიდატი

როგორც სიაის ხელმძღვანელი ამბობს, სისტემურმა პრობლემებმა და დაბალმა სანდოობამ ასევე გამოიწვია ცესკოს თავმდჯომარეობის კონკურსში მონაწილე კანდიდატების სიმწირე.

მისი თქმით, შესაძლოა, კარგ კანდიდატებს სურვილი ჰქონდეთ, რომ ცესკოს თავმჯდომარეობაზე თავიანთი კანდიდატურა წარადგინონ, თუმცა იმის წინასწარ ცოდნა, რომ თუ ხელისუფლების მიმართ ლოიალურები არ იქნებიან, წარმატების შანსი არ გააჩნიათ, მათ თავშეკავებისკენ უბიძგებს.

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ სისტემური პრობლემებია ამ თანამდებობებზე კონკრეტული პირების შერჩევის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს სისტემური პრობლემები წარმოშობს პროცესის მიმართ ნაკლებ სანდოობას როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკურ სპექტრში. შესაბამისად, კარგი კანდიდატები, რომელთაც შესაძლოა ინტერესი ჰქონდეთ, ამ პოზიციაზე თავიანთი კანდიდატურა წარმოადგინონ, უბრალოდ, ისინი არ წარმოადგენენ სწორედაც იმის გამო, რომ ამ საკითხების მოწესრიგება ხდება ხელისუფლების სასარგებლოდ“, – ამბობს სიმონიშვილი.

ISFED-ის ხელმძღვანელის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი გამოცხადდა, პროცესი „ძალიან ჩუმად“ წარიმართა. მისი თქმით, არ ყოფილა არანაირი დისკუსია და კონსენსუსის მცდელობა, რომ ისეთი კანდიდატები შეერჩიათ, რომელსაც როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის მხარდაჭერა ექნებოდა.

„ასეთი პროცესი არ ყოფილა, რაც ტოვებს ეჭვს, რომ ოპოზიციისთვისაც ნაკლებად საინტერესოა ეს პროცესი და მმართველი პარტიისთვის წინასწარ არის გადაწყვეტილი.

ალბათ, ოპოზიციისთვის იმიტომაც არის ნაკლებად საინტერესო, რომ მაინც ის კანდიდატები იქნებიან არჩეული, ვინც წინასწარ არის განსაზღვრული. ჩემი აზრით, სავარაუდოდ, ისევ კალანდარიშვილი და ისევ ის ორი წევრი იქნებიან არჩეული, ვინც ზაფხულში აირჩიეს. თუმცა დაველოდოთ, ჩვენ ვუყურებთ ამ პროცესს ონლაინრეჟიმში და შევხედავთ, როგორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, – განცხადა ნინო დოლიძემ.


პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და ორი წევრი 2021 წლის აგვისტოში  19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე მიღებული ახალი კანონით 6 თვით აირჩია. უფლებამოსილების ვადა მათ თებერვლის დასაწყისში ეწურებათ.

თუმცა, სანამ ახალი კონკურსი გამოცხადდებოდა, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის ახალ წესში 2021 წლის დეკემბერში ისევ ცვლილებები შევიდა. რითაც  შემცირდა ცესკოს წევრების ასარჩევი პროცედურის ვადა და კენჭისყრების რაოდენობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი