საზოგადოება

დავავადდი მძიმე დაავადებით, რომელიც საქართველოში არ იკურნება – სააკაშვილი

13 იანვარი, 2022 • 2451
დავავადდი მძიმე დაავადებით, რომელიც საქართველოში არ იკურნება – სააკაშვილი

დღეს, 13 იანვარს, გამართულ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს.

ის აცხადებს, რომ იმ მოპყრობის შედეგად, რაც მის დაკავებას მოჰყვა – მძიმე ნევროლოგიური დაავადებით დაავადდა.

„სამწუხაროდ, იმ მოპყრობის შედეგად, რომელიც მე მივიღე, დავავადდი მძიმე ნევროლოგიური დაავადებით, რომელიც, როგორც ხედავთ, გონებას არ მიბნიდავს, მაგრამ ცხოვრებისეულ ფუნქციაში ხელს მიშლის და რომლის მკურნალობაც, სამწუხაროდ, საქართველოში შეუძლებელია. და ამის დასადასტურებლად, რომ საქართველოში ეს შეუძლებელია, რამდენიმე წამყვანი სპეციალისტი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და უკვე მე-4 კვირაა ვერ იღებს ნებართვას. თუმცა, ნებისმიერ ქვეყანაში, დიქტატურულშიც კი მათ შეუშვებდნენ“, – ამბობს სააკაშვილი პროცესზე.


მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს ბოლოს დაესწრო ერთი თვის წინ, 2021 წლის 2 დეკემბერს. ამის შემდეგ სხვადასხვა საქმეზე რამდენიმე სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრებოდა.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია და პატიმრობაში იმყოფება სამი პირი: მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები და ელგუჯა ცომაია.

სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა. შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 30 დეკემბრამდე იყო, შემდეგ კი პენიტენციურმა სამსახურმა ის კვლავ რუსთავის ციხეში გადაიყვანა.

რა საქმეების გამო ემუქრება პატიმრობა სააკაშვილს – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი