საზოგადოება

„პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას“ – ლონდა თოლორაიას სიტყვა

30 დეკემბერი, 2021 • 1092
„პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას“ – ლონდა თოლორაიას სიტყვა

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია კრიტიკულად აფასებს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსეპქტორის სამსახურის გაუქმებას.

„საქართველოს პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას, რომელიც არასოდეს უთანხმებდა არავის მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მხოლოდ და მხოლოდ კანონით მოქმედებდა“, – განაცხადა თოლორაიამ 30 დეკემბრის საღამოს გამართულ ბრიფინგზე.

„კანონი [გაუქმების შესახებ] მიიღეს 4 დღეში, როდესაც 2 წელზე მეტი ხანია, პარლამენტს თაროზე შემოდებული აქვს ევროპული კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ და არცერთი ევროპული მუხლი იმპლემენტირებული არ არის“, – თქვა თოლორაიამ. თოლორაიას თქმით, კანონი მიიღეს „სამოხელეო დანაშაულების საგამოძიებო ელემენტის გაძლიერების მოტივით, მაგრამ საამისოდ არცერთი ქმედითი ბერკეტი არ დაუმატებიათ“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

„დღეს თქვენ საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმეთ უწყება, რომელიც სხვის პირად ცხოვრებაში და სხვისი მონაცემების უკანონოდ გამოყენებისთვის პასუხისმგებლობას თამამად აკისრებდა საჯარო დაწესებულებებს.

დღეს თქვენ გააუქმეთ უწყება, რომელიც იყო პირველი, რომელმაც თქვა, რომ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებდა უნდა ჩატარებულიყო დროული და ეფექტიანი გამოძიება

დღეს თქვენ გადადგით ნაბიჯი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ადამინის უფლებების დაცვასთან და რეფორმასთან“, – მიმართა თოლორაიამ პარლამენტარებს, რომლებმაც გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.

„ვინც დღეს ამ კანონის ღილაკს ხელი დააჭირა, შევახსენებ, რომ საზედამხედველო უწყებეს იმისთვის არ ქმნიან, რომ უპირობოდ დაეთანხმონ მათ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისი განცხადებით, ეს არის საშიში გზავნილი დამოუკიდებელი უწყებებისათვის და საჯარო მოხელეებისათვის.

იხილეთ ლონდა თოლორაიას სიტყვა სრულად:


პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი 30 დეკემბერს მიიღო.

მესამე მოსმენით, დაჩქარებულად რიგგარეშე სესიაზე გაიმართა. კანონის მიღებას მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა, 7-მა კი წინააღმდეგ მისცა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და ის პარლამენტმა დაჩქარებული წესით 3 დღეში განიხილა და მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი