საზოგადოება

ომიკრონი: ჰოსპიტალიზების რისკი დელტასთან შედარებით 70%-ით მცირეა

24 დეკემბერი, 2021 • 864
ომიკრონი: ჰოსპიტალიზების რისკი დელტასთან შედარებით 70%-ით მცირეა

ომიკრონის შტამით ინფიცირებულებში ჰოსპიტალიზების საჭიროების ალბათობა დელტასთან შედარებით 70%-ით ნაკლებია – ამის შესახებ საუბარი ახალ ბრიტანულ კვლევაშია, რომელზეც The Guardian წერს.

კვლევის მიხედვით, რომელიც ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ ჩაატარა, ომიკრონის შემთხვევაში 31-45%-ით მცირეა გადაუდებელი დახმარების საჭიროება, ჰოსპიტალიზება კი პაციენტებს 70%-ით ნაკლებად სჭირდებათ, ვიდრე დელტა ვარიანტით ინფიცირების შემთხვევაში. მონაცემები პირველადია და შედეგები ედინბურგის უნივერსიტეტისა და ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ჟურნალებში გამოქვეყნდა.

მიუხედავად ამისა, ექსპერტების განცხადებით, ბრიტანეთში ინფიცირებულთა რაოდენობა იმდენად სწრაფად იზრდება, რომ შემთხვევების მომატება მაინც გაზრდის იმ პაციენტთა რიცხვს, ვისაც დაავადების მძიმე მიმდინარეობა განუვითარდება, რაც თავის მხრივ საავადმყოფოების გადატვირთვის საფრთხეს გააჩენს.

ორგანიზაციის თქმით, ომიკრონის შტამი დელტასთან შედარებით 90%-ით ნაკლებად მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება, თუმცა ის უფრო გადამდებია, ვიდრე დელტა შტამი, რაც მომდევნო კვირებში ინფიცირების შემთხვევების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს.

ამასთან, სააგენტოს თქმით, პირველადი მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინის დაცვა ომიკრონის შემთხვევებში ბუსტერ დოზიდან 10 კვირაში მცირდება, შესაბამისად, შესაძლოა ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთების საჭიროება დადგეს. The Guardian აღნიშნავს, რომ კვლევის პირველადი მონაცემების მიხედვით, დელტასთან შედარებით, ომიკრონის შემთხვევაში ბუსტერის დაცვა ინექციიდან 10 კვირაში 15-25%-ით მცირდება.

ბრიტანეთის იმუნიზაციისა და ვაქცინაციის კომიტეტი, რომელმაც ქვეყანაში ვაქცინის მეოთხე დოზის ადმინისტრირების საჭიროება უნდა განსაზღვროს, უკვე სწავლობს დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებს. კომიტეტის ერთ-ერთი წევრი აღნიშნავს, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს ვაქცინების განახლება იმგვარად, რომ პრეპარატი მეტად იყოს მორგებული ომიკრონის ვარიანტზე.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ინგლისში შემთხვევების 76% უკვე ომიკრონის შტამითაა გამოწვეული. ამასთან, ამ ვარიანტის ყველაზე მაღალი გავრცელება ლონდონშია (90.2%), მას მოსდევს ინგლისის აღმოსავლეთ რეგიონები (80%). ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი ახალი შტამის გავრცელებისთვის ქვეყნის ჩრდილოაღმოსავლეთში (56.8%) და იორკშირშია (71%).

მასალების გადაბეჭდვის წესი