საზოგადოება

Glovo: ვემიჯნებით ანტივაქსერულ კამპანიას, აქციაზე მყოფი კურიერები გავაფრთხილეთ

6 დეკემბერი, 2021 • 3568
Glovo: ვემიჯნებით ანტივაქსერულ კამპანიას, აქციაზე მყოფი კურიერები გავაფრთხილეთ

საკურიერო კომპანია Glovo აცხადებს, რომ „სრულიად ემიჯნება ანტივაქსერულ კამპანიას“ და კურიერები, რომლებიც 5 დეკემბერს ანტივაქსერულ აქციაზე კომპანიის სიმბოლიკით იმყოფებოდნენ, გააფრთხილეს.

კვირას, 5 დეკემბერს თბილისში გაიმართა ანტივაქსერული/„მწვანე პასპორტების“ წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაცია, რომელსაც კურიერები, მათ შორის „გლოვერებიც“ შეუერთდნენ.

„პარტნიორ კურიერებს უკვე მიუვიდათ გაფრთხილება, რომ მათ არ გამოიყენონ კომპანიის სიმბოლიკა არასაუშაო საათებში“, – წერიას Glovo-ს მიერ 6 დეკემბერს გავრცელებულ წერილში.

„გვსურს აღვნიშნოთ, რომ ანტივაქსერულ აქციაზე რამდენიმე პარტნიორი კურიერის კომპანიის სიმბოლიკით გამოჩენა არ წარმოადგენს Glovo-ს პოზიციას და არ შეესაბამება ორგანიზაციის შინაგანაწესს“, – აცხადებს კომპანია.

„Glovo სრულიად დისტანცირებულია ამ აქციებიდან. უფრო მეტიც, ვაგრძელებთ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ვაქცინაციის წასახალისებლად და გვჯერა, რომ პანდემია მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციის საშუალებით დასრულდება“, – წერია კომპანიის განცხადებაში.

„პარტნიორი კურიერების უმრავლესობა აცნობიერებს იმ დიდ პასუხისმგებლობას, რაც პანდემიის პერიოდში აკისრიათ და აქტიურად არიან ჩართულები ვაქცინაციის პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ ამას არ ავალდებულებს კომპანია, მათზე ვრცელდება სახელმწიფოს რეგულაციები – მწვანე პასპორტის გარეშე ისინი ვერ შეძლებენ საკურიერო მომსახურების გამართულად შესრულებას და საკვები ობიექტიდან შეკვეთის წაღებას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.


გარეკანზე: სქრინშოტი მარიამ ნიკურაძის ვიდეოდა

მასალების გადაბეჭდვის წესი