ახალი ამბები

პროცესები აღწერილია კომპეტენტურად და მრავალმხრივად — სამინისტრო მე-9 კლასის წიგნებზე

6 დეკემბერი, 2021 • 1099
პროცესები აღწერილია კომპეტენტურად და მრავალმხრივად — სამინისტრო მე-9 კლასის წიგნებზე

განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს განცხადებით, საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოებში ისტორიული პროცესები კომპეტენტურად არის აღწერილი. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია წერილობით კომენტარში, რომლითაც უწყება გამოეხმაურა ხსენებული წიგნების ზოგიერთ მონაკვეთთან დაკავშირებულ კრიტიკას.

“მე-9 კლასის ისტორიის ორივე ახლად გრიფირებულ სახელმძღვანელოში მიმოხილულია საქართველოს უახლესი ისტორიის პერიოდი, უახლესი წლები, მათ შორის, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან:

პირველი პრეზიდენტის მმართველობა, აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონფლიქტები, მეორე პრეზიდენტის მმართველობის პერიოდი, დასავლური კურსის არჩევა, ასევე, ვარდების რევოლუციის გზით ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და მესამე პრეზიდენტის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფაქტები. წიგნებში ასევე აღწერილია 2008 წლის ომი და დასავლეთის მხრიდან დიპლომატიური ზეწოლა რუსეთზე.

ორივე წიგნში ასევე ერთი აბზაცი ეთმობა 2012 წელს არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას, რა დროსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად მმართველობაში მოვიდა „ქართული ოცნება“.

სახელმძღვანელოებში საუბარია დამოუკიდებლობის წლების ყველა პოლიტიკური ლიდერისა და მათი მოღვაწეობის პერიოდის შესახებ. შესაბამისად, ბუნებრივია, საუბარია იმაზეც, რომ 2012 წელს ხელისუფლება დემოკრატიული გზით შეიცვალა.

ასევე, მკაფიოდ ხაზგასმულია ქვეყნის დასავლური კურსის უცვლელობა, რაც განამტკიცა „ასოცირების შესახებ შეთანხმებამ“”, — აღნიშნავს სამინისტრო.

უწყების თქმით, წიგნებში “ისტორიული პროცესები აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად”.

მიმდინარე დღეებში  აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია გამომცემლობების “დიოგენესა” და “ლოგოსპრესის” მიერ გამოცემული სახელმძღვანელოების იმ მონაკვეთებმა, რომლებიც 2003 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს.

კამათის საგანია, მაგალითად,  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის წლებთან და 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მოცემული ზოგიერთი პასაჟი, ასევე, ბიძინა ივანიშვილის მოხსენიება “ცნობილ ქველმოქმედად და მეცენატად”.

აღნიშნულთან დაკავშირებით 6 დეკემბერს განათლების სამინისტროსთან გაიმართა აქციაც, რომელიც ორგანიზებული იყო პარტია “დროას” მიერ. აქციაზე მოითხოვეს ხსენებული 2 სახელმძღვანელოს სასწავლო პროგრამიდან ამოღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი