საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ლოგინად ჩავარდნილი ქალის ერთადერთი მომვლელი 12 წლის შვილიშვილია

1 ნოემბერი, 2021 • 2247
ლოგინად ჩავარდნილი ქალის ერთადერთი მომვლელი 12 წლის შვილიშვილია

“სკოლიდან ყოველდღე პირდაპირ სასადილოში მიდის სახლში საჭმლის მოსატანად. სასადილო პირველ საათამდე მუშაობს და თუ იმ დღეს შვიდი გაკვეთილი აქვს ხოლმე, ვეღარ ასწრებს”.

აფხაზეთიდან დევნილი 70 წლის ლენა ქვაჩახიას ერთადერთი მომვლელი მისი შვილიშვილი, 12 წლის მარიამია. რამდენიმე თვეა ლენა ქვაჩახია რთული ოპერაციის შემდეგ ლოგინად არის ჩავარდნილი.

“ძალიან ვნერვიულობ იმაზე, რომ ყველაფერზე მას ვაწუხებ, მაგრამ რა ვქნა, სიარული არ შემიძლია. ზოგჯერ ჩემი ნათესავი მოდის დასახმარებლად, მაგრამ უმეტესად მარიამს უწევს ჩემი მოვლა”.

რამდენიმე თვის წინ მენჯ-ბარძაყზე გადატანილი რთული ოპერაციის გარდა, ქალს ონკოლოგიური დაავადებაც აქვს. ექიმთან ვიზიტები, საჭირო კვლევები და დაახლოებით, 1000 ლარის მედიკამენტები კი, რომელიც ოპერაციის შემდეგ გამოუწერეს, ოჯახისთვის არ არის ხელმისაწვდომი.

“დამიწერეს რომ მჭირდება ნევროლოგი, ნეფროლოგი, კარდიოლოგი. მჭირდება რენტგენიც ფეხზე. წარმოუდგენელია ამ ყველაფრის გაკეთება ჩემს მდგომარეობაში”.

ორგანიზაცია “დევნილები დევნილებისთვის” დახმარებით, ქალმა პირველადი მედიკამენტების საყიდლად საჭირო 150 ლარის ოდენობით ფულადი დახმარებისთვის დევნილთა სააგენტოს წერილობით მიმართა, საიდანაც, ასევე წერილობითი ფორმით უარი უთხრეს.

ლენა ქვაჩახიას ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი დღეს 300-ლარზე ცოტა მეტია [ასაკობრივი პენსია და დევნილთა ფულადი დახმარება], საიდანაც იხდის კომუნალურ გადასახადებსაც.

“გამათბობელი ნახევარზე მეტად გამორთული გვაქვს, რომ 30 ლარზე მეტი არ მოვიდეს გადასახადი. თან ინტერნეტის ფულსაც ვიხდი, მარიამს კვირაში ორჯერ ონლაინ გაკვეთილები აქვს და ინტერნეტის გარეშე ვერ ვტოვებ ბავშვს. ზოგჯერ ტკბილეულსაც ვყიდულობ ბავშვისთვის, ძალიან უყვარს. სასადილოში ტკბილეულს მხოლოდ ახალ წელს და აღდგომის დღესასწაულისთვის გვაძლევენ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი