საზოგადოება

2013-2020 წლებში სახელისუფლებო პიარის თანამშრომლებზე 140 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა — TI

3 დეკემბერი, 2021 • 1093
2013-2020 წლებში სახელისუფლებო პიარის თანამშრომლებზე 140 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა — TI

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში — 2013-2020 წლებში — სახელმწიფო უწყებებმა პიარში დასაქმებულ თანამშრომლებს ანაზღაურების სახით ბიუჯეტიდან 140.5 მლნ ლარი გადაუხადეს — ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობის”(TI) ანგარიშში, რომელიც 3 დეკემბერს გამოქვეყნდა.

ორგანიზაციის თანახმად, სახელმწიფო უწყებებში პიარის სფეროში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და მათი ანაზღაურება 2012 წლიდან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საგრძნობლად გაიზარდა.

ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა 2016 წელს გაიცა და 20 მილიონამდე ლარი შეადგინა. 2020 წელს კი, პიარ-სამსახურების თანამშრომელთა ანაზღაურებაზე დახარჯულმა თანხამ 18.4 მლნ ლარი შეადგინა.

“აღსანიშნავია, რომ მსხვილმა უწყებებმა, მათ შორის თავდაცვის სამინისტრომ, 2020 წლის, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მთავრობის ადმინისტრაციამ 2019-2020 წლების მონაცემები არ მოგვაწოდეს. დროის ამ მონაკვეთში დასაქმებულთა რიცხვი და ხარჯები შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს”, — აღნიშნავს TI.

წყარო: “საერთაშორისო გამჭვირვალობა” *ანაზღაურებაში გაერთიანებულია სახელფასო ანაზღაურება, პრემია, დანამატი.

TI-ის თანახმად, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ პიარის მიმართულებით დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 2012 წლიდან 2018 წლამდე ყოველწლიურად იზრდებოდა, 2018 წელს ყველაზე მეტი, 1107 ადამიანი იყო დასაქმებული.

“სხვადასხვა წლებში პიარ-სამსახურებში მომუშავე თანამშრომლების რაოდენობისა და ანაზღაურების მიხედვით ყველაზე დიდი უწყებებია: მთავრობის ადმინისტრაცია, თბილისის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლიდერ უწყებებში მხოლოდ 2013 წელს მოხვდა.

თბილისის მერიამ 2018 წელს ააიპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო“ შექმნა, რომელმაც გამგეობებსა და მერიას დაქვემდებარებული სტრუქტურების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები გააერთიანა და პიარის მიმართულებით თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების ჯამური რაოდენობის მიხედვით ლიდერ უწყებას წარმოადგენს”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაცია ცალკე წარმოადგენს 2018-20 წლებში პრესსამსახურში დასაქმებული თანამშრომელთა რაოდენობის და ანაზღაურების შესახებ ინფორმაციას, ვინაიდან დიდი ორგანიზაციების ნაწილმა ამ პერიოდის შესახებ ინფორმაცია TI-ის არ მიაწოდა. ხსენებულ გარემოებას კი, შესაძლოა, ამ წლების სურათი მნიშვნელოვნად შეეცვალა.

ტოპ 3 უწყების სია 2018-2020 და 2013-2017 წლებში პიარის სფეროში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობით წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

წყარო: “საერთაშორისო გამჭვირვალობა” 

იმ ტოპ 3 უწყების სია კი, რომელთაც 2018-2020 და 2013-2017 წლებში პიარ-თანამშრომლებზე ყველაზე დიდი ანაზღაურება გასცეს, ასეთია:

წყარო: “საერთაშორისო გამჭვირვალობა” 

“საერთაშორისო გამჭვირვალობამ” საჯარო ინფორმაცია, ჯამში, 322 სახელმწიფო უწყებიდან გამოითხოვა. ორგანიზაციის თქმით, 35-მა მათგანმა ინფორმაცია ან არ, ან არასრულად მიაწოდა.

“მათ შორის აღსანიშნავია მთავრობის ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელთა წინააღმდეგაც სასამართლოს საჩივრით მივმართეთ და კანონის შესაბამისად, გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მოწოდებას მოვითხოვთ”, — დასძენს TI.

მასალების გადაბეჭდვის წესი