საზოგადოება

კოვიდ 19: “ბუსტერი” იგივე თუ განსხვავებული ვაქცინით?

30 ნოემბერი, 2021 • 6763
კოვიდ 19: “ბუსტერი” იგივე თუ განსხვავებული ვაქცინით?

საქართველოში 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის უკვე დაშვებული და რეკომენდირებულია კორონავირუსზე “ბუსტერ” (გამაძლიერებელი) დოზით აცრა. თუმცა, უნდა ავურიოთ თუ არა ძირითადი და ბუსტერ დოზის ვაქცინები? — ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია ჩინური ინაქტივირებული ვაქცინის ძირითადი დოზების ბუსტერად რნმ ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით, რისი კვლევები და პრაქტიკა მსოფლიოში მწირია.

რა არის ბუსტერ დოზა?

ე.წ. ბუსტერი (გამაძლიერებელი) არის კორონავირუსის ვაქ­ცი­ნის და­მა­ტე­ბი­თი დოზა, რო­მე­ლიც პირველადი ვაქცინაციიდან გარ­კვე­უ­ლი პერიოდში, ვაქცინით გამომუშავებული იმუ­ნი­ტე­ტის ბუნებ­რი­ვად დაქვეითების შემდეგ კეთდება. ბუს­ტე­რ დოზის მი­ზა­ნი კოვიდის წინააღმდეგ უფრო ხან­გრძლი­ვი იმუ­ნი­ტე­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა.

ბუსტერ დოზების პრაქტიკა მსოფლიოში

მიმდინარე წლის ივლისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გააფრთხილა მოქალაქეები, რომ სხვადასხვა ტიპის ვაქცინების შერევა “სახიფათო ტრენდია”, რადგან შესაბამისი კვლევები არ უმყარებს ზურგს. ასევე, ჯანმო ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოების მიერ მესამე დოზის გამოყენებას მანამდე, სანამ ღარიბ ქვეყნებს არ მიუწვდებოდათ ხელი კოვიდ-ვაქცინის საკმარის რაოდენობაზე და ყველა ქვეყნის მოსახლეობის სულ მცირე 10% არ იქნებოდა აცრილი. თუმცა ოქტომბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიულ საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფმა (SAGE) სინოფარმით და სინოვაკით აცრილი 60 წელს ზემოთ ადამიანებისთვის, ასევე, იმუნოკომპრომეტირებული პაციენტებისთვის, ბუსტერ დოზის რეკომენდაცია გასცა.

23 ნოემბერს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ თქვა, რომ მომავალი წლის მარტისთვის ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა შესაძლოა, 22 მილიონს გადაჭარბოს და მოქალაქეებს მოუწოდა აცრისკენ, მათ შორის, ბუსტერ დოზის გაკეთებისკენ. “როიტერის” ცნობით, ჯანმოს ოფიციალურმა პირებმა არ უპასუხეს კითხვას, ნიშნავს თუ არა ეს ჯანმოს გაიდლაინის შეცვლას ბუსტერ დოზებთან დაკავშირებით. საბოოლოო რეკომენდაციებს მესამე დოზებთან დაკავშირებით SAGE დეკემბერში გამოსცემს.

მესამე დოზით აცრის გადაწყვეტილება მოსახლეობის გარკვეული კატეგორიებისთვის ან ყველა სრულწლოვანისთვის მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ WHO-ს რეკომენდაციამდე მიიღო.

მაგალითად, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, “ფაიზერით” და “მოდერნათი” აცრილი 50+ წლის და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 18+ ასაკის მოქალაქეებისთვის რეკომენდებულია ბუსტერ დოზის მიღება ძირითადი აცრიდან 6 თვეში, ხოლო ყველა სრულწლოვან მოქალაქეს სურვილის შემთხვევაში შეუძლია, აიცრას ან — არა. “ჯონსონი და ჯონსონის” ვაქცინით აცრილი მოქალაქეებისთვის ბუსტერის გაკეთება 2 თვეში არის რეკომენდებული.

რომელი ბუსტერით ავიცრათ?

საქართველოში კორონავირუსის ბუსტერ დოზით ვაქცინაცია 10 ნოემბრიდან დაიწყო. 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს ბუსტერ დოზის გაკეთება ვაქცინაციის კურსის გასვლიდან 6 თვის შემდეგ შეუძლიათ. 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს, რომლებიც “სინოფარმით” ან “სინოვაკით” აიცრნენ, შეუძლიათ ბუსტერ დოზა 3 თვის შემდეგ გაიკეთონ. ჩინური ვაქცინებით აცრილებს ბუსტერ დოზისთვის შეუძლიათ აარჩიონ “სინოვაკის”, “სინოფარმის” ან “ფაიზერის” ვაქცინა. “ასტრაზენეკათი” და “ფაიზერით” აცრილებისთვის ბუსტერ დოზად შეთავაზებულია “ფაიზერი”. ინდივიდუალურ შემთხვევებში, როდესაც პირველი აცრისას მძიმე გვერდითი მოვლენა გამოვლინდა, შესაძლებელია, ბუსტერ დოზისთვის განსახვავებული ტიპის ვაქცინის გამოყენება.

ვაქცინის ტიპები

ვექტორული ვაქცინები განსხვავდება ჩვეულებრივი ვაქცინებისგან იმით, რომ არ შეიცავს ანტიგენებს (COVID-19-ის “სპაიკ” ცილას — კორონავირუსის გამომწვევი ვირუსის ზედაპირზე არსებული ცილა, რომელსაც იმუნური სისტემა უცხო სხეულად ამოიცნობს და იწყებს მის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას. ვექტორული ვაქცინები იყენებენ სხვა უვნებელ ვირუსს (ვექტორს), რომელსაც სპაიკცილის შესახებ „ინსტრუქცია” მიაქვს ადამიანის უჯრედში. ეს უკანასკნელი იწყებს ვირუსის უვნებელი ნაწილის – სპაიკცილის გამომუშავებას, რომელსაც ამოიცნობს იმუნური სისტემა და იწყებს ანტისხეულების წარმოქმნას. სწორედ ეს ანტისხეულები იცავს ორგანიზმს მომავალში COVID-19-ით ინფიცირებისა და დაავადებისაგან. (წყარო: NCDC). COVID-19-ის საწინააღმდეგო ვირუსული ვექტორის ვაქცინებია: “ასტრაზენეკა”, “სპუტნიკ V” და “ჯონსონი და ჯონსონი”.

მ-რნმ ვაქცინები შეიცავენ არა ვირუსს, ან მისი ცილის (სპაიკცილის) ფრაგმენტს, არამედ ინფორმაციულ ანუ მესენჯერ-რნმ-ს, რომელიც სპაიკცილის ინფორმაციის მატარებელია. ვაქცინის შეყვანის შემდეგ ორგანიზმი იწყებს სპაიკცილის წარმოქმნას, რომელსაც ამოიცნობს იმუნური სისტემა და იწყება იმუნური რეაქცია – ანტისხეულების გამომუშავება. მ-რნმ ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ან ინაქტივირებულ ვირუსს და მას არ შეუძლია გამოიწვიოს კოვიდის ინფექცია. ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში მ-რნმ თავისით იშლება. COVID-19-ის საწინააღმდეგო მ-რნმ ვაქცინებია: “მოდერნა” და “ფაიზერი”.

ინაქტივირებული ვაქცინები ტრადიციული მეთოდით შემუშავებული ვაქცინებია. ისინი შედგება მთელი ვირუსისგან ან ბაქტერიისგან, ან მათი რომელიმე ფრაქციისგან. შესაბამისად, იყოფა ორ ძირითად ტიპად – სრულუჯრედიან და ფრაქციულ ვაქცინებად. ინაქტივირებული ვაქცინები მზადდება დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის (ვირუსი, ბაქტერია) ქიმიური ან ფიზიკური პროცესით დახოცვის გზით. არ იწვევს დავადებას, რადგან არ შეიცავს ცოცხალ მიკროორგანიზმს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებია “სინოვაკი” და “სინოფარმი”.

საქართველოში ბუსტერ დოზისთვის განკუთვნილი ვაქცინებია ფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი. “ასტრაზენეკას” მარაგი ქვეყანაში ამოწურულია. შესაბამისად, მათ, ვინც “ასტრაზენეკას” ვაქცინით არიან აცრილები, იგივე ბუსტერს ვერ გაიკეთებენ. “ფაიზერის” ბუსტერ დოზას ირჩევს ინაქტივირებული ვაქცინით აცრილი არაერთი ადამიანი, რომელსაც პირველი აცრისას არჩევანის საშუალება არ ჰქონდა.

ვაქცინების შერევის პრაქტიკა თავდაპირველად იმ ქვეყნებში დაიწყეს, სადაც “ასტრაზენეკას” ვაქცინასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა სისხლის შედედების იშვიათ სინდრომი გვერდითი მოვლენის გამო.

ვაქცინის კლინიკური კვლევები იმის შესახებ, თუ რა ეფექტს იძლევა სხვადასხვა ტიპის ვაქცინების შერევა, ფართოდ ხელმისწავდომი არ არის, თუმცა რიგი ლაბორატორიული კვლევები და დაკვირვება იმ ქვეყნებში, სადაც ბუსტერ დოზები დანერგილია, რნმ ვაქცინის ბუსტერის ეფექტურობაზე მიუთითებს.

აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში ადმინისტრირებული ვაქცინების (“ჯონსონი და ჯონსონი”, “ფაიზერი”, “მოდერნა”) შერევა უსაფრთხოა. ამასთან, მონაცემები აჩვენებს, რომ “ჯონსონის და ჯონსონის” ვაქცინით აცრილებმა “ფაიზერის” ან “მოდერნას” ბუსტერის გაკეთების შემდეგ უფრო მეტი ანტისხეულები გამოიმუშავეს, ვიდრე “ჯონსონის” მეორე დოზის გაკეთების შემთხვევაში. თუმცა ექიმები აღნიშნავენ, რომ ანტისხეულები იმუნიტეტის მხოლოდ ერთი ნაწილია და კვლევა არ ისახავდა მიზნად ვაქცინების საუკეთესო კომბინაციის გამოვლენას.

ჩილეში, სადაც “სინოვაკი” ფართოდ ადმინისტრირებული ვაქცინაა, ბუსტერ დოზად “ფაიზერს” უწევენ რეკომენდაციას. უფრო მწირია ცნობები “სინოფარმის” ჰეტეროლოგიური ბუსტერ დოზით გაძლიერების შესახებ. რნმ ან ვექტორული ვაქცინები შესთავეზეს მოსახლეობას ბუსტერ დოზად ქვეყნებმა (არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბრაზილია, ინდონეზია) სადაც თავდაპირველად აცრების უმეტესობა ჩინური ინაქტივირებული ვაქცინებით ჩატარდა.

ექიმების რეკომენდაციაა, რომ ვისაც რნმ ვაქცინის პირველადი დოზები აქვს გაკეთებული, ბუსტერიც რნმ ვაქცინით გაიკეთოს. თავდაპირველად, ექიმების ნაწილი შესაძლო გამონაკლისად ასახელებდნენ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მიოკარდიტი ან მაღალი ალერგიული რეაქციის რისკფაქტორი.

“ასეთ შემთხვევაში, ინაქტივირებული ვაქცინა, მაგალითად “სინოვაკი” ალტერნატივაა”, — ამბობდა ექიმი უილიამ ტენი.

ექიმი, ეპიდემიოლოგი, წამლებისა და ვაქცინების მკვლევარი და დეველოპერი თამარ ქვარცხავა აღნიშნავს, რომ 19 ნოემბერს აშშ-ის FDA-მ შესწორება შეიტანა Moderna-ს და Pfizer-BioNTech COVID-19 ვაქცინების ბუსტერების საგანგებო ავტორიზაციაში, რის შედეგადაც ამ ორი ვაქცინის ბუსტერის მიღება შეუძლია ყველას 18 წლის ზემოთ, განურჩევლად რისკფაქტორების, თანმხლები დაავადებების არსებობის და მანამდე მიღებული ვაქცინებისა.

საქართველოში ხელმისაწვდომი ვაქცინებიდან ის ბუსტერ დოზისთვის საუკეთესოდ “ფაიზერს” მიიჩნევს.

“საქართველოში მოხმარებული ნებისმიერი ვაქცინების შემდეგ, იქნება ეს “ასტრაზენეკა”, “ფაიზერი” თუ ჩინური ვაქცინა, საუკეთესო ბუსტერ ეფექტურობით და უსაფრთხოებით არის Pfizer. დღეისთვის არსებული მონაცემებით, mRNA (Pfizer, Moderna) ჯგუფის ვაქცინების გამოყენებას ბუსტერად ალტერნატივა არ აქვს. უპირატესობაში იგულისხმება 1) ეფექტურობა და 2) კლინიკური უსაფრთხოების პროფილი”, — განუცხადა თამარ ქვარცხავამ “ნეტგაზეთს”.

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ვაქცინების შერევის წინააღმდეგ რამე იმუნოლოგიური წინაღობა არ არსებობს.

“შერეული ვაქცინები მიღებული მეთოდოლოგიაა. ჩვენ ვიცით, რომ ჩინური ტიპის ვაქცინები ევროკავშირის ქვეყნებში და ამერიკაში არ გამოიყენება. სადაც პრაქტიკა დაგროვდა — თურქეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, უნგრეთი, სერბეთი — ძალიან კარგი შედეგები აქვს რნმ ვაქცინის ბუსტერს. ამიტომ, თუ ადამიანს აქვს სურვილი, შეუძლია იგივე ვაქცინა ან კოქტეილი გაიკეთოს — არავითარი იმუნოლოგიური წინაღობა არ არსებობს. შერეული ვაქცინების და იმავე ვაქცინების ბუსტერის შედარებითი კლინიკური კვლევის შედეგები არ არსებობს, უბრალოდ ქვეყნების მაგალითით, ემპირიული დაკვირვებით, აჩვენებს, რომ ანტისხეულების რაოდენობა მკვეთრად იზრდება რნმ ვაქცინით ბუსტერისას, რაც ლოგიკურად, კლინიკურ შედეგებშიც უნდა გადაითარგმნოს. რამდენი ადამიანი გახდა ავად  შერეული ვაქცინების შემთხვევაში და რამდენია დაცვის მაჩვენებელი იმავე ვაქცინის ბუსტერით, ასეთი კვლევები არ არის, მაგრამ ლაბორატორიული შედეგებით ანტისხეულები მკვეთრად იზრდება რნმ ვაქცინების დამატების შემთხვევაში”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” თამარ ქვარცხავამ.

ჩინეთი, რომელიც ინაქტივირებული ვაქცინების, “სინოფარმის” და “სინოვაკის” მწარმოებელია, ამ დრომდე კრძალავდა ვაქცინების შერევას, თუმცა ცოტა ხნის წინ ჩინეთის ჯანდაცვის მაღალჩინოსნებმა დააანონსეს ახალი სტრატეგია, რომელიც, დიდი ალბათობით, დაუშვებს ვაქცინების შერევას — რა კომბინაციით, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ჩინეთში 40 მილიონამდე ადამიანი არის აცრილი ინაქტივირებული ვაქცინების ბუსტერ დოზით. სავარაუდოდ, ბუსტერ დოზებისთვის ავტორიზაციას მიიღებს გერმანული “ბიონტექის” და ჩინური Fosun-ის მიერ ერთობლივად შემუშავებული რნმ ვაქცინა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი