საზოგადოება

როგორ დაამძიმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ყოფა პანდემიამ — ადვოკატის გამოცდილება

25 ნოემბერი, 2021 • 1500
როგორ დაამძიმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ყოფა პანდემიამ — ადვოკატის გამოცდილება

თითქმის მეორე წელი სრულდება მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელსაც თან მოჰყვა არაერთი შეზღუდვა, ჩაკეტვა და მკაცრი რეგულაცია.

პანდემიის დაწყებიდან მალევე უფლებადამცველებმა სახელმწიფო გააფრთხილეს, რომ „ლოკდაუნები“ თუ სხვა შემზღუდავი ღონისძიებები ოჯახში ძალადობის მაჩვენებელს გაზრდიდა.

2 წლის შემდეგ ეს მოლოდინი გამოცდილებით დადასტურდა. მათ შორის, ორგანიზაცია „საფარისთვის“, რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ 2020 წლის მარტი-ივნისის პერიოდში მათ უფლებადამცველებს 131 სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციის ჩატარება მოუხდათ.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს ნეტგაზეთმა „საფარის“ ადვოკატს, ცირა ჯგერენაიას ჰკითხა, რა დამატებითი ბარიერები გაუჩნდათ ძალადობის მსხვერპლ ქალებს და როგორ გართულდა თავად უფლებადამცველის შრომა.

„პრობლემა გახდა ყველაფერი, მათ შორის ისიც, რაც მანამდე მარტივად კეთდებოდა“

ცირა ჯგერენაია გვიყვება, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ, განსაკუთრებით ლოკდაუნის დროს, „საფარიში“ მიმართვიანობა სამჯერ-ოთხჯერ გაიზარდა. ამას განაპირობებდა არა მხოლოდ ჩაკეტილობა, არამედ ისიც, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მუდამ გადატვირთული იყო ცხელი ხაზი 112.

„პანდემიამ გაართულა მდგომარეობა არა მხოლოდ მსხვერპლი ქალებისთვის, არამედ ჩვენთვის, ადვოკატებისთვისაც, იმიტომ, რომ პრობლემა გახდა აბსოლუტურად ყველაფერი, მათ შორის ისიც, რაც მანამდე აბსოლუტურად გვარდებოდა“, — აცხადებს ჯგერენაია.

ბარიერებს შორის ის ასახელებს ტრანსპორტის რამდენიმე თვით გაჩერებას, რაც ავტომატურად ნიშნავდა, რომ ბევრი ქალისთვის თუნდაც პოლიციაში მისვლა შეუძლებელი იყო.

„ვერ ახერხებდნენ ჩვენთან მოსვლას. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ვერც გვირეკავდნენ, შესაძლებლობაც არ ჰქონდათ, რომ ტელეფონზე თანხა ჩაერიცხათ, ესეც გასვლასთან იყო დაკავშირებული და ცენტრალურ ადგილას მისვლასთან – გაგვირთულდა საგამოძიებო მოქმედებები, მსხვერპლთან მისვლა რთული იყო, პოლიციასთან რთული იყო. ჯერ გჭირდება, რომ მასთან კონსულტაცია გამართო ან ჩამოვიდეს, ან შენ ჩახვიდე — ყველა მიმართულებით რთული იყო“, — დასძენს ის.

ცირა ჯგერენაია. ფოტო: საფარი

პრობლემებს ასევე დაემატა ავადმყოფობით გამოწვეული ბარიერები – საქმეები გაიწელა, რადგან ხშირად, საჯარო მუშაკებს, იქნება ეს გამომძიებლები, პროკურორები თუ სხვა, კორონავირუსი უდასტურდებოდათ.

საქმეები, რომლებიც ისედაც დიდი ხანი განიხილებოდა სასამართლოში, კიდევ უფრო გაიწელა, ზოგი კი საერთოდ ვერ შედგა: „მქონდა შემთხვევა, როდესაც საგამოძიებო პროცედურებამდე, ექსპერტიზამდე გამოუვლინდა სიმპტომები მსხვერპლს და ვერაფერი ჩავატარეთ. ასევე, ერთი საქმე იყო ადევნებაზე, მაგრამ ჯერ გამომძიებელს დაუდასტურდა ვირუსი, შემდეგ- მსხვერპლ ქალს და, შესაბამისად, ამდენი ხნის მერე უბრალოდ აზრი არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. ძალიან ბევრი ყოფილა ასეთი საქმე“.

ამ ყველაფერს დაემატა ბიუროკრატიული პრობლემებიც. ცირა ჯგერენაია გვიყვება, რომ ზოგჯერ ესა თუ ის უწყება ელექტრონულად არ იღებს განცხადებებს. შესაბამისად, საჭირო ხდება მათი ფიზიკურად დაწესებულებაში მიტანა.

ამის პარალელურად კი, თვითიზოლაციაში და სახლებში გამოკეტილ ოჯახებში ძალადობის რისკები იზრდებოდა:

„მახსოვს, როგორ დამიკავშირდა ერთი ქალი, რომელიც რეგიონში ცხოვრობდა.  პანდემიის პერიოდი იყო. იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, რადგან იყო სისტემატური ძალადობის მსხვერპლი მეუღლის მხრიდან, რომელსაც ხელს უწყობდნენ მეუღლის ოჯახის წევრები. ფაქტობრივად, ყოველ ღამე ამ ქალს 3 პატარა ბავშვთან ერთად უწევდა სახლიდან გამოქცევა. უბრალოდ, ვერსად მიდიოდა და ღამით სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმალებოდნენ — ხან ღობის უკან, ხან მეზობლის ფარდულთან . სჭირდებოდა აუცილებლად ადვოკატის ჩართულობა იმიტომ, რომ მარტო ვერ ახერხებდა პოლიციაში მისვლას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ადვოკატის გვერდზე ყოფნა ამ დროს აძლიერებს, ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგებს და მეტ გამბედაობას აძლევს.

ამიტომაც, მიუხედავად იმისა… მაშინ სრული ლოკდაუნი იყო, რამდენადაც მახსოვს – ჩავედით ადგილზე, გავუწიეთ სამართლებრივი დახმარება. მაგრამ მერე ის აღმოჩნდა პრობლემა, რომ როდესაც ის გადაიყვანეს თავშესაფარში, სასწავლო კურსის გავლისას ჯერ მასწავლებელს დაუდასტურდა კოვიდი, შემდეგ თავად ქალს და მის ბავშვებს. მოუწია მკურნალობა, გაურთულდა მდგომარეობა… საბოლოოდ, მან დატოვა თავშესაფარი და მუშაობა დაიწყო, ახლა ისინი კარგად არიან“.

პრობლემები გაჩნდა მსხვერპლთა თავშესაფარშიც, სადაც დაინფიცირების გამო რიგი შეზღუდვებისა დაწესდა, მათ შორის, გადაადგილებაზე. ამასთანავე, ბენეფიციარებში შიში გაჩნდა — მათ არ უნდოდათ გადასვლა იქ, სადაც ინფიცირების რისკი მეტი იყო. პანდემიის პიკში კი თავშესაფრებში თავისუფალი ადგილები აღარ დარჩა:

„გვქონია შემთხვევები, როდესაც კახეთიდან ქუთაისში გადაჰყავდათ თავშესაფარში იმიტომ, რომ არსად აღმოსავლეთ საქართველოში ადგილი არ იყო,“.

ცირა ჯგერენაია ასევე ამბობს, რომ პანდემიის დროს კიდევ ერთი ტენდენცია გამოიკვეთა: პანდემიამ ფსიქოლოგიური დაძაბულობა გაზარდა და იზოლაციის პერიოდში ბევრი ისეთი ქალი დადგა ძალადობის საფრთხის ქვეშ, მათ შორის, ფსიქოლოგიური ძალადობის, რომლებსაც აქამდე არ ჰქონიათ ძალადობის გამოცდილება. იურისტის გამოცდილებით, ასეთი ქალები ცდილობდნენ პრობლემის თავიდანვე პრევენციას და ხედავდნენ ფსიქოლოგის ჩართვის საჭიროებას.

„ფიქრობდნენ, რომ შესაძლებელია ამას ეშველოს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სპეციალისტი ჩაერევა, თუნდაც მასთან, მოძალადესთან შესაბამისი თერაპიული კურსის გავლა იქნება საკმარისი და არ გახდება საჭირო შემდეგ უკვე პოლიციის ჩარევა. მაგრამ არ გვაქვს ასეთი სერვისი, ყველა სახის სერვისი, რაც არსებობს, გათვალისწინებულია ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, მათ შორის, ფსიქოლოგიური – მხოლოდ ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც უკვე მოხდა ძალადობა და დაზარალებულის სტატუსი აქვს ქალს და ასეთი დახმარების შეთავაზება პრევენციისთვის არ არის შესაძლებელი ამ დრომდე“, —ეუბნება ჯგერენაია ნეტგაზეთს.

რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ძალადობის დროს ბავშვები დაზარალდნენ, რამდენიმე მახსენდება ასეთი: მაგალითად, ერთი საქმეში 6 წლის ბავშვი ცდილობდა დედის დაცვას, როდესაც დაინახა, რომ მასზე მამა ძალადობდა. ფიზიკურად ეცადა შუაში ჩამდგარიყო და შეეკავებინა კაცი, მაგრამ საბოლოოდ თვითონ გახდა ძალადობის მსხვერპლი.

იყო შემთხვევა, როდესაც ერთი კვირის განმავლობაში ბავშვებსა და დედას მოძალადე კაცი უკრძალავდა საერთოდ სახლიდან გამოსვლას, არ ჰქონდათ ტელეფონი სახლში და ვერ რეკავდნენ, მაღაზიაში ვერ ჩადიოდნენ. თვითონ ეს კაცი რომ გამოდიოდა სახლიდან, გარედან კეტავდა კარს. ყველა სახის კომუნიკაციას უკრძალავდა.

პანდემიის დროს ასევე იყო შემთხვევა, როდესაც ქალს პატარა, მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა. თვითონ მუშაობდა და იყო ძალიან მძიმე ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი, სხვა ძალადობის ფორმებთან ერთად. მეუღლემ პანდემიის დროს სამსახური დაკარგა, მუშაობდა მხოლოდ ქალი. მისი სახელფასო ბარათი კი ჰქონდა ქმარს და მთლიანად ის განკარგავდა თანხას. ანუ ეს ქალი ვერ იღებდა ერთ ლარსაც კი, არადა მუშაობდა დღეში 16 საათს.

ამ დროის განმავლობაში არ ჰქონდა საკვები თანხაც კი, რომ დღეში ერთხელ ეჭამა მუშაობისას. საბოლოოდ, ამის შემდგომ, კაცი გახდა უფრო მეტად აგრესიული ქალის მიმართ, ამიტომ მან ჩუმად დამირეკა, იმ შუალედში, როდესაც კაცი სახლში არ იყო. მეორე კომუნიკაცია შედგა მას შემდეგ, რაც მან შეკრიბა თავისი ნივთები და საერთოდ წამოვიდა სახლიდან იმიტომ, რომ საუბარსაც ვერ ახერხებდა, იმდენად კონტროლის ქვეშ იყო.

საბოლოოდ, მან უჩივლა კაცს, თვითონ კი თავშესაფარში გადავიდა, რამდენიმე თვის წინ კი ოჯახში დაბრუნდა. მას თავად უნდოდა პირველი პერიოდი თავშესაფარში გადასვლა, რადგან ეშინოდა, რომ კაცი ოჯახის სახლში მივიდოდა ან ვიღაცას გამომიგზავნის სამეგობროდანო. უნდოდა, რომ არავის სცოდნოდა სად იმყოფებოდა 8-9 თვის განმავლობაში და ასეც გავაკეთეთ.

ჩვენს ბოლო კითხვაზე, თავად როგორ გრძნობს თავს, ცირა ჯგერენაია ამბობს, რომ პანდემიის დროს შრომა გაცილებით უფრო რთულია და არის შემთხვევები, როდესაც ტელეფონი ძალიან გვიან ღამით რეკავს, რადგან მსხვერპლს დახმარება სჭირდება.

„ჩვენი მუშაობა იმდენად სპეციფიკურია, რომ სტრესი მუდმივად ახლავს თან. რაც უნდა ბევრი ისტორია გქონდეს მოსმენილი და ბევრ მსხვერპლთან გქონდეს ურთიერთობა – ამას მაინც ვერასდროს „ეჩვევი“. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა ისეთი იყოს, სხვისი დახმარება შევძლოთ, მაგრამ თავისთავად მაინც მოქმედებს.

პანდემიის სტრესი ისედაც მოქმედებს, შენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას თავისთავად ემატება. ძალიან რთულია, მაგრამ ჩემს საქმიანობას ის დადებითი აქვს, რომ ის განცდა, რომ შენ ეხმარები კონკრეტულ მომენტში ადამიანს, მით უფრო, როდესაც სხვა მხრიდან ამ დახმარებას ვერ იღებს. ეს ძალას გმატებს კიდევ უფრო მეტი რომ შეძლო და გადალახო ეს განცდები. იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ სხვების დახმარება შეძლო. არ გიტოვებს დანებების შესაძლებლობას.“

მასალების გადაბეჭდვის წესი