საზოგადოება

მზად ვარ, წარვდგე თუნდაც სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე – სააკაშვილი

19 ნოემბერი, 2021 • 5176
მზად ვარ, წარვდგე თუნდაც სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მზადაა წარდგეს “თუნდაც სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე” და იქ დაიცვას სიმართლე. ამის შესახებ ნათქვამია სააკაშვილის წერილში, რომელიც საზოგადოებას მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააცნო.

‘დავთანხმდი ჩემ მიერ აშენებულ ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემ მიერვე გაშენებული ავტობანით და განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია, არც თქვენ შეეგუებით ჩემს პუტინის ტყვეობაში ყოფნას. მე, მიხეილ სააკაშვილი მზად ვარ, წარვდგე თუნდაც სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე და დავიცვა ჩემი და ჩვენი ისტორიული სიმართლე… მათ შორის [წარვდგე] იმ ადამიანების წინაშე, ვინც თავი დაჩაგრულად ჩათვალა, ან ვისაც რეალური ზიანი მიადგა ჩემი პრეზიდენტობის დროს. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ჩატარდეს ეროვნული ღირსების და სამართლებრივი ნორმების განუხრელი დაცვით და მე დავემორჩილები ამგვარი სასამართლოს ნებისმიერ განაჩენს. დღევანდელი ჩემი პატიმრობა არის უკანონო და ჩვენ ის ერთად უნდა დავასრულოთ… დავასრულოთ ქვეყნის გათავისუფლებით. როცა ქვეყანა გათავისუფლდება, მეც ვიქნები გარეთ და თქვენთან ერთად ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენების საქმეში როგორც თანასწორი თანასწორთა შორის”, – ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.

მისი თქმით, ახლა მოშვების დრო არ არის.

“ახლა კონსოლიდაციის დროა, არ შეუშინდეთ არც ზამთარს, არც რეჟიმის მუქარას. არ ჩათვალოთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანს მივაღწიეთ. მთავარი ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაა”, – აცხადებს სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი