მიხეილ სააკაშვილი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შიმშილობას შეწყვეტს. მას გორში დღეს გადაიყვანენ. ამის შესახებ განაცხადება მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააკეთა.
ნიკა გვარამიას განცხადებით, სააკაშვილის სურვილია, რომ შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის სამედიცინო პროტოკოლი გაიწეროს იმ სამედიცნო კონსილიუმების მიერ, რომლებიც სააკაშვილის საკითხზე აქამდეც მუშაობდნენ, თუ ეს მათი სურვილიც იქნება.
დღეს, 19 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სამინისტრო სააკაშვილს სთავაზობს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. გუშინ, 18 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის გლდანის ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, მან გონება დაკარგა.
სააკაშვილი ამბობდა, რომ შიმშილობას შეწყვეტდა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.