საზოგადოება

სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა – ხერხეულიძე

19 ნოემბერი, 2021 • 1751
სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა – ხერხეულიძე

დეპუტატ ეკა ხერხეულიძის ცნობით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა, თუმცა ამჟამად მის ადვოკატთან, ნიკა გვარამიასთან განიხილავსგადაყვანასთან დაკავშირებით ტექნიკურ დეტალს, რის შემდეგაც გვარამია საბოლოო გადაწყვეტილებას გაახმიანებს.

“იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობის ფორმით გამოხატულ მის პროტესტს შეუერთდა ძალიან ბევრი ადამიანი, ის ძალიან განიცდის ამ ადამიანების მდგომარეობას. განსაკუთრებით ელენეს [ხოშტარიას] მდგომარეობას, რომელიც მეჩვიდმეტე დღეა შიმშილობს და რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი ითვალისწინებს ამ პოზიციას, თავად სურს მას, რომ დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნა, რომელიც ახლა გარეთ დგას და სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.

ეს არ არის მისი არჩევანი. არც გორი და არც სხვა ლოკაცია არ შეცვლის მის მთავარ განზრახვას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და იგი ბრძოლას აგრძელებს. მაგრამ ის, რაც დღეს ყველას გვაღელვებს, საციცოხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მან შიმშილობა შეწყვიტოს.

ერთადერთი რამ, რაც ამ ეტაპზე შეიძლება შემაფერხებელი იყოს, არის შემდეგი: მას აქვს ერთი პირობა, რის გამოც უკრაინის კონსული და პირადი ადვოკატი, ნიკა გვარამია დაიბარა, მათთან ერთად გაივლის ამ ტექნიკურ დეტალს და შემდეგ ნიკა გვარამია მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. მას წინააღმდეგობა არ აქვს გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით, არა იმიტომ, რომ მოხარულია ამ ლოკაციით, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ახლა, სად გადაიყვანენ. მისთვის მნიშვნელობა აქვს, როგორ გაგრძელდება ბრძოლა ამ ქვეყანაში”, – განაცხადა ხერხეულიძემ.

დღეს, 19 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სამინისტრო სააკაშვილს სთავაზობს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. გუშინ, 18 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის გლდანის ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, მან გონება დაკარგა.

სააკაშვილი ამბობდა, რომ შიმშილობას შეწყვეტდა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი