საზოგადოება

სააკაშვილი შემდეგ ასეთ კრიზისს ვერ გადაიტანს – დეკანოიძე

18 ნოემბერი, 2021 • 928
სააკაშვილი შემდეგ ასეთ კრიზისს ვერ გადაიტანს – დეკანოიძე

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მომდევნო მსგავს ეპიზოდს, რაც ხუთშაბათს საღამოს ჰქონდა, მიხეილ სააკაშვილი ვერ გადაიტანს და ხელისუფლებას მოუწოდებს, ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

„ასეთი კრიზისი თუ განმეორდა, შემდეგ ასეთ კოლაფსში ჩავარდნას მიხეილ სააკაშვილი ვერ გადაიტანს“, – განუცხადა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს სააკაშვილთან ხანმოკლე ვიზიტის შემდეგ.

მისი თქმით, სააკაშვილი ისეთ მდგომარეობაში, როგორც ახლაა, არასოდეს უნახავს.


ადვოკატების, ნიკა გვარამიას და ბექა ბასილაიას, თანახმად, ხუთშაბათს საღამოს, მათთან შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.

გვარამიამ განაცხადა, რომ სააკაშვილს შეხვედრის განმავლობაში უჭირდა ლაპარაკი და „უჭირდა თავის დაჭერა“… „რომ გამოვდიოდით, ადგა, გაჰყავდა ბადრაგს და [იმ მომენტში] მოწყვეტით წაიქცა“, – განაცხადა გვარამიამ.

„რომ წაიქცა, კონტაქტური არ იყო და ისეთი მოძრაობები იყო, ჩავთვალე, რომ ინსულტი იყო. საბედნიეროდ, ეს ასე არ არის“, – თქვა გვარამიამ.

ამის შემდეგ, მისი თქმით, ექსპრეზიდენტთან მალევე მივიდნენ ექიმები. „როგორც კი სისტემა დაუყენეს, ფერზეც მოსულია და კონტაქტურია“, – აცხადებს იგი.

„ამჟამად იმყოფება რეანიმაციაში, ყველა ექიმი ადგილზეა, აკეთებენ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს“, – განაცხადა გვარამიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი