საზოგადოება

ბასილაიას თქმით, სააკაშვილი წაიქცა და საკაცით გაიყვანეს

18 ნოემბერი, 2021 • 1666
ბასილაიას თქმით, სააკაშვილი წაიქცა და საკაცით გაიყვანეს

განახლება, 19:15: პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია, რომელიც მსჯავრდადებულ ექსპრეზიდენტთან ციხეში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი წაიქცა და საკაცით აიყვანეს.

ბასილაიას თქმით, ამ დროისთვის [18:25] მისთვის უცნობია, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა ამბობს, რომ წაქცევის შემდეგ კონტაქტური არ იყო:

„მიშა გამოდიოდა ადვოკატებთან შეხვედრიდან, უნდა ასულიყო ზემოთ. უკვე რომ გამოდიოდა ოთახში, მოსხლეტით წაიქცა. რამდენიმე წუთში ჩამოიტანეს საკაცე. წაქცევის მერე მისგან ერთი სიტყვა არ გამიგია. გადააწვინეს საკაცეზე და ვიდრე გამოვიდოდით, 10 წუთი მოვიცადეთ, იქნებ რამე გაგვეგო, მაგრამ ამ მომენტამდე არაფერი არ ვიცით.

მანამდე ძალიან მძიმედ იყო მიშა, როცა ჩვენ გვხვდებოდა, ძალიან ცუდად იყო. ათი წუთია დაახლოებით, რაც აიყვანეს, წაქცეულზე არ ვიცი, სამედიცინოდ რა უნდა ვთქვა, თვალები ხელით გავუხსენით“ ,— ამბობს ბექა ბასილაია.

ბასილაიას განცხადებით, გლდანის მე-18 დაწესებულებაში კვლავ იმყოფება ნიკა გვარამია. „ნეტგაზეთი“ ამ წუთებში დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროში. არცერთი პრესსამსახური ამ დრომდე ნეტგაზეთის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა შიმშილობს.

ის მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი