მიხეილ სააკაშვილის შვილი, ედუარდ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ოჯახის სახელით ხელისუფლებას სთხოვ, სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.
„მე პოლიტიკისგან ყოველთვის შორს ვიყავი და ახლაც მოგმართავთ, როგორც შვილი. შვილი, რომელიც ხედავს, რომ მამამისს ემუქრება საფრთხე.
როდესაც მამაჩემი დააკავეს, მე გულწრფელად ვფიქრობდი, რომ მას შეუქმნიდნენ სათანადო პირობებს, მოექცეოდნენ ღირსეულად და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრებოდა. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და ვნახეთ ის, რაც ვნახეთ. მე პირადად დავრჩი გაოგნებული. გაოგნებული, ჯერ კლინიკაში არგადაყვანით, შემდეგ, ღირსების შელახვით და იმ საზარელი კადრებით, რომელიც წარუშლელად ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.
მინდა მივმართო ხელისუფლების მომხრეებს, მე ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი თავს ჰუმანისტად მიიჩნევს და ისიც მესმის, რომ გაქვთ ძალიან სერიოზული პრეტენზიები მამაჩემის მიმართ. გულწრფელად მინდა, რომ მოვიდეს დრო, როდესაც საზოგადოება ერთად, ობიექტურად, დაბალანსებულად შეაფასებს წარსულს. მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, გასცდა თუნდაც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და გადაიქცა ძალიან საშიშ და მახინჯ ანგარიშსწორებად. სახეზეა საუკეთესო შემთხვევაში გულგრილობა, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი, განზრახ მკვლელობა.
ხელისუფლებას შეუძლია, რომ რამდენიმე მარტივი ნაბიჯით გადაჭრას არსებული პრობლემა და მოხსნას ის საფრთხეები, რომელიც მამაჩემის ჯანმრთელობას ემუქრება. იმედს ვიტოვებ, რომ მისი სიკვდილი არავის უნდა ან აწყობს. ამიტომ ჩემი, ჩემი ძმისა და დედაჩემის სახელით გთხოვთ, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში“, – ამბობს ედუარდ სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობს.
მიხეილ სააკაშვილი მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. სახალხო დამცველმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო არ შეეფერება ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი ორი ვიდეო 11 ნოემბერს გაავრცელა.
პირველ ვიდეოში ჩანს მიხეილ სააკაშვილის იძულებითი გადაყვანის კადრები. ვიდეოს ხმა არ აქვს და, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.
მეორე ვიდეო ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. კადრებში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.