საზოგადოება

ქუთაისში ექიმებმა სააკაშვილის მულტიპლოფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აქცია გამართეს

15 ნოემბერი, 2021 • 2700
ქუთაისში ექიმებმა სააკაშვილის მულტიპლოფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აქცია გამართეს

დღეს, 15 ნოემბერს, ქუთაისში  მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ექიმებმა აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, იმ ინფორმაციების საფუძველზე, რაც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ვრცელდება, უდავოა, რომ სააკაშვილს ესაჭიროება მრავალპროფილურ საავადმყოფოში მკურნალობა.

“მოგეხსენებათ, დღეს შიმშილობის 46-ე დღეა და, როგორც ენდოსკოპისტისთვის, ჩემთვის საგანგაშო ნიშანი იყო და ალბათ ზარების შემოსაკვრელი, როცა გავიგეთ, რომ პრეზიდენტს ჰქონდა ყავის ნალექის მსგავსი პირღებინება. ეს არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი სისხლდენის ნიშნებით გამოხატული პათოლოგია, რაც მოითხოვს არა მარტო ენდოსკოპისტის, გასტროენტეროლოგის, რეანიმატოლოგის, ასევე, ქირურგის ჩართულობასაც.

აქტიური სისხლდენა არ არის ისეთი პათოლოგია, რომელიც თერაპიული პროფილის ექიმმა უნდა მართოს. ამიტომ ეს ჩემთვის იყო ის საგანგაშო ნიშანი, როცა გაჩუმება დანაშაულის ტოლფასია”, — განაცხადა ენდოსკოპისტმა, ნატალია გაბუჩაძემ “მთავარ არხთან”.

ექიმების თქმით, ახლა სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის ყოველ წუთს აქვს მნიშვნელობა. მათი განმარტებით, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარება 46-დღიანი შიმშილობის შემდეგ საკმარისი ვერ იქნება.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. სახალხო დამცველმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო არ შეეფერება ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი ორი ვიდეო 11 ნოემბერს გაავრცელა.

პირველ ვიდეოში ჩანს მიხეილ სააკაშვილის იძულებითი გადაყვანის კადრები. ვიდეოს ხმა არ აქვს და, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

მეორე ვიდეო ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. კადრებში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.

გარეკანის ფოტო: კადრი “მთავარი არხიდან”

მასალების გადაბეჭდვის წესი