საზოგადოება

მელიამ ხვალისთვის სხვადასხვა ლოკაციაზე აქციები დააანონსა

13 ნოემბერი, 2021 • 1100
მელიამ ხვალისთვის სხვადასხვა ლოკაციაზე აქციები დააანონსა

“ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, ხვალ, 14 ნოემბერს საპროტესტო აქციები დღის განმავლობაში, სხვადასხვა ადგილას გაიმართება. ამის შესახებ მელიამ დღეს, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც მელიამ განაცხადა, კონკრეტულ ლოკაციებს დღეს არ ასახელებს, თუმცა ეს ხვალ დილიდან გახდება ცნობილი.

“ჩვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი და არა მარტო ამათ [ხელისუფლების] სიველურეზე. გასაგებია ესენი რასაც სჩადიან, მაგრამ ისიც გასაგებია, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. ვიქნებით საკმარისად აქტიურები? სახელმწიფოც გვექნება თავისუფალი და სუვერენული, ისეთი რისთვისაც წინაპრებმა შესწირეს სიცოცხლე, ვიქნებით? ეს ყველაფერი გვექნება. მიშაც ცოცხალი იქნება, ელენეც ცოცხალი იქნება და სახელმწიფოც იარსებებს. ეს დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე”, – განაცხადა მელიამ.

ამასთან, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” 14 ნოემბერს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გეგმავს აქციის გამართვას. “სირცხვილიას” მოთხოვნა ვადამდელი პროპორციული არჩევნებია.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც ოპოზიცია ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მართავს. აქციის ლიდერები მონაწილეებს ყოველ ჯერზე მოუწოდებენ, რომ აქციები მშვიდობიანია და პროვოკაციებს არ უნდა აჰყვნენ. ერთ-ერთი ასეთი აქცია გაიმართა 10 ნოემბერს თბილისში, ადმინისტრაციულ შენობებთან, სადაც 46 ადამიანი დააკავეს.

აქციების ძირითადი მოთხოვნა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. სააკაშვილი 44-ე დღეა შიმშილობს. ის ამჟამად გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფება, სადაც ის რუსთავის #12 დაწესებულებიდან 8 ნოემბერს გადაიყვანეს. როგორც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, ის მოტყუებით მიიყვანეს გლდანის ციხესთან, რადგან მას ეგონა, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ.

11 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაჰყავთ სააკაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანიდან ძალით და რამდენიმე ადამიანი ცდილობს გლდანის ციხეში მის შეყვანას. იმავე დღეს, რამდენიმე საათში პენიტენციურმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს და ისმის, თუ როგორ ეუბნება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პერსონალს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში შესვლა არ სურს და სთხოვს, რომ რუსთავის ციხეში დააბრუნონ.

სააკაშვილი არა ციხის საავადმყოფოში, არამედ ამბოლატორიის გადაკეთებულ ოთახშია – ხერხეულიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი