საზოგადოება

„მნიშვნელოვანი მისია მაქვს“ – ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში ჩამოვიდა

12 ნოემბერი, 2021 • 1372
„მნიშვნელოვანი მისია მაქვს“ – ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში ჩამოვიდა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა (პოლონეთი), რომელიც ხშირად ეხმაურება ხოლმე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, 12 ნოემბერს, გამთენიისას თბილისს ეწვია.

იგი, სავარაუდოდ, გლდანის ციხის საავადმყოფოში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს.

ფოტიგამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან ხანმოკლე საუბრისას მხოლოდ ის განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანი მისია“ აქვს:

„კომენტარს შეხვედრების შემდეგ გავაკეთებ“, – განაცხადა მან.

რამდენიმე დღის წინ ფოტიგამ განაცხადა, რომ „ის, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არასწორია“.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს თბილისში და მას შემდეგ შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

მისი გათავისუფლებისა და სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანის მოთხოვნით ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები.

11 ნოემბერს გავრცელდა კადრები, რომლებიც ასახავს ძალის გამოყენებით მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.

მიხეილ სააკაშვილის იძულებით გადაყვანის კადრების გავრცელების შემდეგ პენიტენციურმა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. ვიდეოში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.

მასალების გადაბეჭდვის წესი