ახალი ამბები

რაც ახლა სააკაშვილთან მიმართებით ხდება, არ არის სწორი — ანა ფოტიგა

9 ნოემბერი, 2021 • 1562
რაც ახლა სააკაშვილთან მიმართებით ხდება, არ არის სწორი — ანა ფოტიგა

პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ის, რაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ხდება, არასწორია. ამის შესახებ მან დღეს, 9 ნოემბერს, საიას მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სააკაშვილის პატიმრობა, ფაქტობრივად, სასამართლოს გარეშე აქვს მისჯილი.

„მას ჰქონდა ყველანაირი უფლება, რომ თავის ქვეყანაში ჩამოსულიყო. მე იმედი მაქვს ნამდვილი, ღია და გამჭვირვალე სასამართლო პროცესების. ვიცი მისი შიმშილობის შესახებ და ჩვენ შეშფოთებული ვართ მისი შიმშილობით. ჩვენ, მისი ევროპელი მეგობრები, რომლებიც საკმაოდ ბევრნი არიან, შეშფოთებული ვართ.

ჩვენ უფრო მეტად საქართველოს მეგობრები ვართ და ვიცით, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ მართავს ქვეყანას. ჩვენი როლი არ არის, რომ მივუთითოთ, მაგრამ დამერწმუნეთ, თუ გსურთ, რომ საქართველოს მეგობრებს უსმინოთ, და მე ყოველთვის ვაკვირდებოდი, ახლა რაც ხდება, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, არ არის სწორი“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან, უკვე მე-40 დღეა ციხეში შიმშილობს. მთავრობა ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანაზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავისი ნების საწინააღმდეგოდ 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.

სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი