საზოგადოება

გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილი რუსთავიდან გადაიყვანეს

8 ნოემბერი, 2021 •
გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილი რუსთავიდან გადაიყვანეს

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს.

რუსთავის ციხესთან ცოტა ხნის წინ ვერტმფრენი იყო მობილიზებული.

„ფაქტია, რომ ცოტა ხნის წინ გაიყვანეს ბრონირებული მანქანებით და შემდეგ ვერტმფრენში ჩასვეს, როგორც ჩანს. სად წაიყვანეს, არ ვიცი“, – განუცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებს.

ჯერჯერობით უცნობია, სად გადაიყვანეს სააკაშვილი. ეს ინფორმაცია არც მის ადვოკატებს აქვთ. ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ ინფორმაცია მედიიდან მიიღეს.

„ნეტგაზეთი“ ცდილობს ინფორმაციის გარკვევას სხვადასხვა უწყებასთან და წყაროსთან.

თავდაცვის სამინისტროში გამოცემას უთხრეს, რომ თუკი მთავრობა ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, გორის ჰოსპიტალი (რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაშია) მზადაა სააკაშვილის მისაღებად. თუმცა გორის ჰოსპიტლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სააკაშვილის იქ გადაყვანის განკარგულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

[მასალა განახლდება]

ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ „კონსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავადმყოფი გადაუდებლად იქნეს გადაყვანილი მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, მაღალპროფილურ სამოქალაქო დაწესებულებაში“.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 39-ე დღეა ციხეში შიმშილობს. ის ამბობს, რომ ამის გაკეთებას სიკვდილამდე აპირებს.

მთავრობა უარს აცხადებს სამოქალაქო საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანაზე და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში (ციხის საავადმყოფოში) გადაიყვანენ.

თუმცა, სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი