საზოგადოება

1 დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით “მწვანე პასპორტები” ამოქმედდება

8 ნოემბერი, 2021 • 6935
1 დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით “მწვანე პასპორტები” ამოქმედდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველი დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კოვიდ/მწვანე პასპორტები ამოქმედდება.

ღარიბაშვილის თქმით, მწვანე სტატუსი ექნება პირს, რომელიც ორჯერადადაა აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, პანდემიის განმავლობაში გადატანილი აქვს კორონავირუსი ან ბოლო 72 საათში PCR, ხოლო 24 საათში სწრაფი ტესტი ექნება ჩატარებული.

ღარიბაშვილის თქმით, მწვანე პასპორტის მქონე პირებს შეეძლებათ სხვადასხვა ტიპის დაწესებულებაში ვიზიტი, თუმცა აღნიშნული სავალდებულო არ იქნება ამ დაწესებულებების თანამშრომლებისთვის.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საბჭოზე გამოტანილი ვერსიის მიხედვით, „მწვანე პასპორტით“ ისარგებლებდნენ ის პირები, ვისაც კორონავირუსი ბოლო 6 თვეში ჰქონდათ გადატანილი, თუმცა მისი ინიციატივით, აღნიშნული ფორმულირება შეიცვალა და სტატუსი მიენიჭება ყველას, ვისაც პანდემიის განმავლობაში აქვს კორონავირუსი გადატანილი:

„ჩვენ ახლა გვქონდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და განვიხილეთ მწვანე პასპორტის კონცეფციის თაობაზე. პირველი დეკმებრიდან ამოქმედდება მწვანე პასპორტების კონცეფცია და გაფართოვდება მისი მოქმედების არეალი. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად ანუ ორჯერ, ჩატარებული აქვს 72- საათიანი ვალიდურობის პისიარ ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი პანდემიის განმავლობაში. მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ, ასევე, ტურისტებისთვის.

ჩვენი საბჭოს გადაწყვეტილებით მოქალაქეები მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებში. ეს არის კვების, გასართობი ცენტრები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცენტრო დარბაზები, სამორინეები და ა.შ. აღნიშნული მოთხოვნა განხორციელდება სტუმრებზე და არა მომუშვე ადამიანებზე“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დააკონკრეტა, რომ მწვანე პასპორტების შეზღუდვა ჯერჯერობით არ შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ასევე, სასურსათო მაღაზიებს და სხვა ისეთ დაწესებულებებს, სადაც ადამიანს საბაზისო, საყოფაცხოვრებო სერვისების მიღება უწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი