საზოგადოება

6 ნოემბერს ენმ-ის აქცია თბილისის ნაცვლად რუსთავის ციხესთან გაიმართება

5 ნოემბერი, 2021 • 3476
6 ნოემბერს ენმ-ის აქცია თბილისის ნაცვლად რუსთავის ციხესთან გაიმართება

ხვალ, 6 ნოემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია თბილისის ნაცვლად რუსთავის ციხესთან გაიმართება. ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღეს, 5 ნოემბერს, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსთავის ციხესთან აქცია არ დაიშლება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

„ხვალ ჩვენ ძალიან ბევრი უნდა შევიკრიბოთ რუსთავის ციხესთან 5 საათზე და ეს აქცია იქნება პერმანენტული და მზარდი. ხვალიდან ვიწყებთ დარჩენით, ეს იქნება მზარდი და დროდადრო ჩვენ შემოგვიერთდება ყველა ჩვენი პატრიოტი თანამოქალაქე ყველა ქალაქიდან და რეგიონიდან. იქ ვიქნებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. ამიტომ ხვალ, 5 საათზე, რუსთავის ციხესთან ვიწყებთ აქციებს, რომელსაც შემოუერთდება მთელი საქართველო უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციების გამართვა ოპოზიციამ 31 ოქტომბერს დააანონსა. აქციები უკვე გაიმართა ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში, 6 ნოემბერს კი თბილისში უნდა გამართულიყო.

რეგიონებში ოპოზიციის აქციების პარალელურად კი მთელი კვირის განმავლობაში  მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია რუსთავის ციხესთანაც იმართებოდა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და 36-ე დღეა შიმშილობს. მთავრობა მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს. სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება და მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი