საზოგადოება

მირჩევნია, სააკაშვილთან საკანში ან მკვდარი ვიყო, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო — მელია

2 ნოემბერი, 2021 • 1044
მირჩევნია, სააკაშვილთან საკანში ან მკვდარი ვიყო, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო — მელია

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციის კოალიციური ერთობა გრძელდება და გაფართოვდება.

როგორც მელიამ ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, კოალიცია არ იყო წინასაარჩევნო სვლა, არამედ მას სწამს, რომ ქვეყანას მომავალში კოალიციური მმართველობა სჭირდება.

“ჩვენ მოგვპარეს არჩევანი. და რახან ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, არჩევნების წესით თვალს რეალობას არ გავუსწორებო, მაშინ ჩვენ უნდა ვაიძულოთ, რომ დიახაც, შემოვიდეს ხალხის ნებასთან დაპირისპირებაში და ამისთვის მზად ვართ ყველა ქალაქში.

ბევრი კითხვა იბადება და ვეცდები ყველაზე ტრადიციულ კითხვებს პასუხი გავცე საჯაროდ: რას აპირებ, საპროტესტო აქციებისკენ უნდა წაიყვანოთ ქვეყანა?! — იბადება კონტრშეკითხვა, რა, ბელარუსად უნდა ვაქციოთ ეს სახელმწიფო? დიახაც, საპროტესტო აქციებისკენ ვაპირებთ სვლას”, — განაცხადა ნიკა მელიამ.

კიდევ ერთი კითხვა, მელიას თქმით, არის, რას აპირებს ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, — “ბრძოლას ვაპირებთ მის გათავისუფლებამდე. ვიბრძოლებ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის გასათავისუფლებლად, რა ძვირადაც არ უნდა დამიჯდეს ეს”, — თქვა მელიამ.

მისი თქმით, ოპოზიცია ყველა არაძალადობრივი გზით აპირებს მოპარული არჩევნების დაბრუნებას და არ დაკომპლექსდება რევოლუციაზე მითითებით.

“რაც გინდათ, დაარქვით, ჩვენი თანამებრძოლები არიან დღეს დაკავებულები. ზოგს იარაღი ჩაუდეს, ზოგი შიმშილობს, მაგალითად, ლექსო რაფავა, მიხეილ სააკაშვილთან ერთად. ამ ადამიანებისთვის ბრძოლას ვაპირებთ. ხმების გადათვლის პროცედურის დაწყებასთან ერთად, იქნება დიდი საპროტესტო აქციები, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე. ვერ დაგვაკომპლექსებთ.

რუსთავის ციხესთან დღეს იწყება პერმანენტული აქცია და არ დასრულდება მანამ, სანამ მთავარ მიზანს არ მივაღწევთ. მოკლე ვადაში უნდა მოვახერხოთ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა”, — განაცხადა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ ოპოზიციამ აქციების პარალელურად მონაწილეობა უნდა მიიღოს ოლქებში ხმების გადათვლაში ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

“მალე შევიკრიბებით ყველანი რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე, მაგრამ ისე ნუ ჩათვლით, რომ ბათუმში არ უნდა გავაპროტესტოთ, ზუგდიდში და სხვა ქალებში. ჩვენ უნდა ვეცადოთ, დავიბრუნოთ ლოკალურად წართმეული არჩევნები. დავრწმუნდებით, რომ არ გვიბრუნებენ და მერე გვიყურონ და საკუთარ თავს დააბრალონ. არ გვიღირს ჩვენ სიცოცხლე შეურაცხყოფილებს და თავდახრილებს, უბრძოლველად სახლში წასვლა არ მოხდება.

ფიცს ვდებ თქვენ წინაშე, სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ, იმიტომ, რომ მე უკვე ვგრძნობ, შეიძლება შემრცხვეს ჩემი 6 წლის სანდროსი და არ შევირცხვენ თავს. მირჩევნია, მიხეილ სააკაშვილთან ერთად საკანში ვიყო, მირჩევნია, საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო. ჩვენ არ გვიწერია საკნებში დიდი ხანი ჯდომა, მაგრამ რევანშს არ მოვუწყობთ იმ ადამიანებს, ვინც ახლა გვებრძვის”, — განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, ოპოზიცია დროში წელავს მოქმედებებს, რადგან შედეგების გასაჩივრების პროცედურა დაასრულოს, რათა მსოფლიოს თვალში ველურებად არ გამოჩნდნენ.

“ყველა პროცედურა გვინდა ამოვწუროთ და შემდეგ ყველა ჩვენს მეგობარს ვუთხრათ: რას მირჩევ, სხვა რა გზა დამრჩენია. ამის შემდეგ მოქმედების ალტერნატივას არ ექნება. ჩემი თხოვნაა, მოთმინება”, — მიმართა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი