საზოგადოება

„ბანდიტები უნდა წავიდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები“ — სააკაშვილი

1 ნოემბერი, 2021 • 1298
„ბანდიტები უნდა წავიდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები“ — სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს, სადაც წერს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და გამოსავალი მხოლოდ ვადამდელი არჩევნებით ხელისუფლების შეცვლაა.

„მე ვარ ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი და ყველა თავმოყვარე ქართველი უნდა ვიყოთ გაბრაზებულები და შეურაცხყოფილები. არჩევნები ცხვირწინ აგვწაპნეს ყველა დიდ ქალაქში. ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ და ბანდიტების ჯგუფმა, რომელმაც მიითვისა საქართველოს ხელისუფლება, ხელიდან გამოგვგლიჯა ეს გამარჯვება. გაგვძარცვა და წაგვართვა ჩვენი უმთავრესი უფლება ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონი“, — ამბობს მიხეილ სააკაშვილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის თქმით, ახლა პროტესტი და სწრაფი მოქმედებაა საჭირო, თუმცა, მეორე მხრივ, ხმებისთვის სამართლებრივი ბრძოლის საჭიროებასაც ხედავს:„რა უნდა ვქნათ?! მხოლოდ ერთი — ვაზღვევინოთ ის ფასი, რასაც ახდევინებენ თავმოყვარე ერები გამყალბებელ ხელისუფალთ, წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე. ასე მოიქცა ჩვენი მეზობელი სომხეთი. იქ ფაშინიანი ოთხი ივანიშვილის კალიბრის ოლიგარქს ებრძოდა, რომელთა უკან იდგა რუსეთი და გაუყალბეს მასაც არჩევნები, მაგრამ სომეხმა ხალხმა მაინც გაიმარჯვა.

ბევრი და კიდევ უფრო მეტი გამოვიდა ქუჩაში, სანამ ბანდიტური ხელისუფლება არ გატყდა, არ წავიდა და არ დანიშნა რიგგარეშე არჩევნები. ზუსტად იგივე უნდა გაკეთდეს ჩვენთანაც. გამყალბებელი ბანდიტები უნდა წავიდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. იგივე უქნეს უკრაინელებმა იანუკოვიჩს, როდესაც ის ბოლომდე რუსეთს მიემხრო. არადა, იანუკოვიჩი მრავალგზის უფრო თავზეხელაღებული და მდიდარი იყო, ვიდრე ივანიშვილი. ბოლოს და ბოლოს, ასეთი რევოლუციების იდეა შვა საქართველომ ჩვენი თაობის დროს და ნუთუ ჩვენ ვერ შევძლებთ იმას, რაშიც ადრე სხვები გვბაძავდნენ და გამოუვიდათ კიდეც.

ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, უნდა ვიმოქმედოთ ბევრმა და ბევრგან. უნდა მოვისმინოთ ლიდერების აზრიც და საკუთარ ხელშიც ავიღოთ ინიციატივა ადგილებზე. რა თქმა უნდა, პარალელურად უნდა ვასაჩივროთ ყველაფერი, რადგან ასეთი კატასტროფული სადამკვირვებლო დასკვნები არ ყოფილა არც სომხეთში, არც ყირგიზეთში, არც ვარდების რევოლუციის დროს, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სრული ლეგიტიმაცია ქუჩის პროტესტის და ძალადობისადმი წინააღმდეგობის“, — აცხადებს სააკაშვილი.

მისი თქმით, ის მიესალმება მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას პარლამენტის დატოვების შესახებ და იმავეს მოუწოდებს სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც:

„ძალიან შთამბეჭდავი იყო გუშინ ბატონი მამუკა ხაზარაძის ნაბიჯი, მთლიანად ვიზიარებ მის პოზიციას და მთლიანად ვეთანხმები ნიკა მელიას გამოსვლას. ერთი სული მაქვს, როდის შემოგიერთდებით, მაგრამ ამაშიც თქვენი დახმარება მჭირდება. ვერც ერთი ციხის კარები ვერ შეაკავებს ხალხის სამართლიან რისხვას.

ამავე დროს უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია, იქ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ ემსახურება დროის გაწელვას, რათა ჩაქრეს საპროტესტო მუხტი და შიგნითაც და გარეთაც ხელი ჩაიქნიონ ჩვენს ქვეყანაზე.

ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, ყველა ჩემი თანამებრძოლის და უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების და წესიერი ხალხის პარლამენტში, მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და ოცნება დატოვონ საკუთარ თავთან მარტო“, — ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი