საზოგადოება

აქცია პოლიეთილენის პაკეტის წინააღმდეგ

4 თებერვალი, 2010 • • 3812
აქცია პოლიეთილენის პაკეტის წინააღმდეგ
„პოლიეთილენის პაკეტი-ბუნების მტერია“ ამ სახელწოდებით გაიმართა კახეთში დასუფთავების აქცია, რომელიც გარემოს დაცვის მინისტრის ინიციატივიღ მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. სირცხვილია, რომ ჩვენ, მოქალაქეები ვცხოვრობთ ამ ნაგვის გვერდით, ვერანაირ მტერს ვერ დავამარცხებთ, თუ ნაგვის დამარცხებას ვერ შევძლებთ. ამერიკელები, ევროპელები და მით უმეტეს ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი არ მოვა და არ დაგვილაგებს. ეს თითოეული ჩვენგანის გასაკეთებელია“-განაცხადა გოგა ხაჩიძემ. 
მართალია 2010 წელი დასუფთავების წლად გამოაცხადა მინისტრმა, მაგრამ საქართველოში პოლიეთილენის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ტიპის ნარჩენების რეგულაცია არ არსებობს. 
“ეს არ არის ბიოდეგრადირებადი ნარჩენები. რაც იმას ნიშნავს, რომ არ განიცდის ბიოდეგრადაციას მიკროორგანიზმების საშუალებით. როგორც, მაგალითად, მცენარეული და ცხოველური ნარჩენები,” ამბობს ნარჩენების მართვის ექსპერტი თამუნა გუგუშვილი,  “იგი ასეულობით წლების განმავლობაში რჩება გარემოში. “ 
პოლიეთილენს ვერც დაწვით ანადგურებენ, რადგან ამ დროს მავნე ნივთიერებები გამოიყოფა. გარემოს დამაბინძურებელი ქიმიური ნივთიერებები,  პოლიეთილენის დამზადების დროსაც წარმოიქმნება.   მისი წარმოებისას კი  დიდი  რაოდენობით ენერგია იხარჯება. 
საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 3,5 მილიონი კუბური მეტრი საყოფაცხოვრებო ნარჩენი წარმოიქმნება. ეს რაოდენობა, ერთად აღებული,  160 რვა სართულიან შენობას მთლიანად დაფარავდა. 
უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში პოლიეთილენის ნარჩენების რაოდენობამ საქართველოში მოიმატა. სხვა ტიპის ნარჩენებისგან განსხვავებით, ეს ნივთიერება გარემოს განსაკუთრებით აბინძურებს, რადგანაც დიდი ხნის განმავლობაში არ იხრწნება, მას ნიადაგი არ ითვისებს და გარემოში წვრილი ნაწილაკების სახით რჩება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი